7 ნოემბერს, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის საკრებულოს წევრი მ.ბ დააჯარიმეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 1973 წელს დაბადებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი მ.ბ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.“
მ.ბ-ს 2020 წლის 29 ნოემბერს „კოვიდ-19“ ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას ვირუსი დაუდასტურდა. ის კოვიდაღრიცხვაზე იმყოფებოდა. ინფიცირებული მამაკაცი, სპეციალისტების რეკომენდაციით თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა მან დადგენილი წესი დაარღვია. თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი სამტრედიის სოფელ იანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.
