LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში კიდევ ერთი მუზეუმი გაძარცვეს – ლუვრის ძარცვიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ

20 ოქტომბერს, ლუვრის ძარცვიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, საფრანგეთში კიდევ ერთი მუზეუმი გახდა ქურდების სამიზნე. ქალაქ ლანგრში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ცნობილი ფილოსოფოსისა და განმანათლებლის – დენი დიდროს მუზეუმიდან (La Maison des Lumières Denis Diderot) ერთ ღამეში ოქროსა და ვერცხლის 2000 მონეტა გაქრა. BBC-ის ინფორმაციით, ბევრი მათგანი უნიკალურია.

გამოძიების ცნობით, ქურდები გამოუცდელები არ ყოფილან – ისინი მიზანმიმართულად ეძებდნენ სწორედ ამ მონეტებს, სავარაუდოდ, კოლექციონერის შეკვეთით.

მუზეუმის კარზე გამოკრულია წარწერა:

„მუზეუმი დახურულია საგანგებო შემთხვევის გამო“.

გამომძიებელი ფიქრობს, რომ საქმე, როგორც ჩანს, ცალკეულ შემთხვევასთან კი არა, წინასწარ დაგეგმილ მუზეუმების ძარცვის სერიასთან გვაქვს.
ქურდობების ჯაჭვი სექტემბერში დაიწყო:

ჯერ ორჯერ გაძარცვეს ყოფილი პრეზიდენტის – ჟაკ შირაკის მუზეუმი, საიდანაც საათები, იუველირული ნივთები და დიპლომატიური საჩუქრები წაიღეს;

შემდეგ დაზარალდა ლიმოჟის ფაიფურის მუზეუმი (Le Musée national Adrien Dubouché), საიდანაც ქურდებმა წაიღეს რამდენიმე ჩინური ვაზა, რომელთა ღირებულება 6,5 მილიონ ევროს აღემატება;

ბოლოს კი გაძარცვეს ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი, საიდანაც მოიპარეს ოქროს ნატეხები – 1,5 მილიონ ევროს ოდენობით.

საფრანგეთის პოლიცია აპირებს ყველა ეს შემთხვევა ერთ გამოძიებაში გააერთიანოს, რათა საბოლოოდ მოახერხოს ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება.