LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის კოლიზეუმში საიდუმლო დერეფანი გაიხსნა

კოლიზეუმში გაიხსნა გასასვლელი, რომელიც საზოგადოებისთვის თითქმის 2000 წლის განმავლობაში დამალული იყო. ამის შესახებ BBC წერს.

დღეიდან თითოეულ ვიზიტორს შეეძლება გაიაროს იმავე გზით, რომელსაც რომის იმპერატორები იყენებდნენ – საუბარია ფარულ დერეფანზე, რომლითაც ისინი პირდაპირ ტრიბუნებზე ხვდებოდნენ.

როგორც კოლიზეუმის არქეოლოგიური პარკი იტყობინება, ე.წ. „კომოდას გასასვლელი“ უნიკალური კორიდორია, რომელიც ამფითეატრის ფუნდამენტშია გამოჭრილი ჩვენი წელთაღრიცხვის I და II საუკუნეების მიჯნაზე.

ის იმპერატორებისთვის იყო შექმნილი და მათ საშუალებას აძლევდა თავიანთ ადგილებზე მოხვედრილიყვნენ, მრავალათასიანი ბრბოსთვის გვერდის ავლით.

„საზოგადოებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა იგრძნოს, თუ რა გრძნობაა იყო იმპერატორი – ეს არის დროში მოგზაურობა, რომელიც აღქმას სრულიად ცვლის,“ – განაცხადა არქეოლოგმა ბარბარა ნაცარომ, რომელიც რესტავრაციას ხელმძღვანელობდა.

რესტავრაციის დროს ექსპერტები სერიოზულ სირთულეს წააწყდნენ – მაღალ ტენიანობას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დერეფნის თავდაპირველი იერი დააზიანა.
დასაწყისში კედლები მარმარილოთი იყო მოპირკეთებული, თუმცა მოგვიანებით ისინი პეიზაჟების ფრესკებით გააფორმეს.