ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, სასამართლოს კი მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა
„”დღეს იყო ბრალდებულების პირველი წარდგენა სასამართლოში, სასამართლომ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ, ბუნებრივია, არ დააკმაყოფილა და არც მქონდა ამის მოლოდინი. თუმცა, არსებობდა ყველა წინაპირობა, შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა, ვინაიდან ეს პირები წარსულში ნასამართლევი არ არიან, კანონთან კონფლიქტი არ ჰქონიათ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ. ცხადია, გამოძიებას, რომ უნდოდეს გამოძიება იმისა, რეალურად რა ხდება ამ საქმეში, ასე ხმაურიანად არ ჩაატარებდნენ ამ ე.წ. სპეცოპერაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე ამაზე წინ ვერ წავა. ჩვენ შევთავაზეთ 20 000 ლარის ოდენობის გირაო, ასევე ვთავაზობდით, პასპორტის ჩაბარებას, ელექტრონულ მონიტორინგს, მაგრამ სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“, – განაცხადა ჭკადუამ.
ქობულეთში სპეცოპერაცია 11 მარტს ჩატარდა. „”გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველის სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
