აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე, ნინო ცხოვრებაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„კომენტარი გინდოდათ? მიიღეთ. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ბლოგერს ხშირად ხედავენ ინტერნეტში, ესე იგი, პირადად იცნობენ მას…
ვიცი, რომ ყველასთვის დაურ ბუავა არის გმირი, რომელიც აფხაზეთისთვის იბრძოდა.
მე ვერ დავუკარგავ მას იმ გზას, რომელიც თავისი საქმიანობის განმავლობაში გაიარა. მაგრამ როცა მიგზავნით წყევლას ან შეურაცხყოფას, გავიწყდებათ, ყველაზე მთავარი – იმ პროექტებისა და ვიდეოების 70%-ში, რომლებსაც დაური ქმნიდა, კადრს მიღმა მე ვიდექი, სადღაც ჩემი მონტაჟი იყო, სადღაც – ჩემი იდეები, თითქმის ყველა ვიდეოში ხელით ვწერდი სუბტიტრებს. თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რამდენად რთული გზა გავიარე მასთან და მის შემდეგ…
მე და დაური ამ წლის იანვარში დავშორდით და უკვე 8 თვეა, რაც სხვა ქვეყანაში ვიმყოფები.
დაური ჩემზე 9 წლით უფროსი იყო. 32 წლის გახდებოდა დეკემბერში. ჩვენ ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა, რომელმაც საბოლოოდ მთლიანად გამომფიტა. თუ ის საკუთარ თავზე ზრუნვას ვერ ახერხებდა, როგორ ფიქრობთ, შეძლებდა ჩემზე, ან ზოგადად, ოჯახზე ზრუნვას?
და იცით, რამდენი ტყუილი ამოტივტივდა მისი გარდაცვალების შემდეგ? თითქმის მთელი ზაფხული მან იმ უკრაინელ გოგოსთან გაატარა, რომელმაც საბოლოოდ, დაღუპა. ის აგრძელებდა ამ ცხოვრებას, მე კი, თქვენი აზრით, 23 წლის ასაკში ეს ყველაფერი უნდა ამეტანა?
რატომღაც, როცა სხვა ბლოგერებმა ამ თემაზე 10 ვიდეო გადაიღეს, არც ერთისთვის არ გითქვამთ, რომ ისინი პიარის გაკეთებას ცდილობდნენ. მაგრამ როცა მე ვთქვი, რომ ყველაფერს ტელეგრამის არხზე დავწერდი, ჩემზე ტონა ჰეითი წამოვიდა, მიუხედავად ამისა, რომ ასეთ სიტუაციაში ტელეგრამი ბევრად ბევრად უფრო მოსახერხებელია. არხზე 1600 ადამიანი მყავდა და ჩემი აუდიტორია დამოუკიდებლად შევაგროვე, მაგრამ ბრალდებების უზარმაზარი რაოდენობის გამო ჩემი არხი წავშალე. თუ არ გინდათ სიმართლის მოსმენა და გირჩევნიათ, თქვენს ფანტაზიებში იცხოვროთ, ასე გააგრძელეთ. ესე იგი, სიმართლეს არ იმსახურებთ!
ახლა, ჩემს მიმართ ნამდვილად გაიზარდა ყურადღება, მაგრამ ამ „პიარს“ თავად მაძლევთ თქვენ. საერთოდ არ მჭირდება საკუთარი თავის პოპულარიზაცია ადამიანის სიკვდილის ხარჯზე. ზედმეტად კარგად გამზარდეს იმისთვის, რომ ასეთი სისულელეებისთვის ვიტანჯებოდე.
რა გაღიზიანებთ? ის, რომ მე ჩემს ცხოვრებას ვცხოვრობ? რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ ჩემზე უკეთ იცოდით, როგორი ადამიანი იყო დაური ურთიერთობაში? აზრად არ მოგსვლიათ, რომ თუ მას დავშორდი, ამას შესაბამისი მიზეზები ჰქონდა?
მადლობა ადეკვატურ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავით აზროვნების უნარი აქვთ და ესმით, რომ მე მის გვერდით კუბოში არ უნდა ჩავწოლილიყავი მაშინ, როცა მან რომელიღაც უკრაინელ გოგოსთან გართობისას გადაწყვიტა, ნარკოტიკებით თავის განებივრება.
ბოლო წუთამდე ვიკავებდი თავს, რომ მისი მტრებისთვის სიხარულის მიზეზი არ მიმეცა. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წაკითხვით ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან. მაგრამ თითოეული თქვენგანი არის მიზეზი, რის გამოც, მათ ეს ბედნიერება მიიღეს!
ყველაზე საშინელი ის არის, რომ ახლა მე სწორედ ის ადამიანები მწყევლიან, რომლებიც 3 წლის წინ მე და დაურს მილოცვებს გვწერდნენ და ამბობდნენ, თუ როგორი კარგი გოგო ვიყავი.
გარდაცვლილის პატივისცემის ნიშნად, არ ვაპირებ დეტალურად მოვყვე რაიმე ისტორია და მასზე ცუდად ვილაპარაკო, მაგრამ არც საკუთარ თავს მივცემ უფლებას, რომ რაღაც წარუმატებელმა ადამიანებმა შეურაცხყოფა მომაყენონ.
თუ გეჩვენებათ, რომ ჩემთვის ყველაფერი ძალიან მარტივია, მაშინ ყველას გისურვებთ ასეთივე „სიმარტივეს“.
ჩემი ცხოვრება ახლა მხოლოდ იწყება. ვცდილობ, სწორი ნაბიჯები გადავდგა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა.
მე საკუთარი თავი და ჩემი ოჯახი მიყვარს და ცხოვრებაში არასდროს გავრისკავდი ყველაფერს რამდენიმე საათიანი გართობის გამო, როგორც დაურმა გააკეთა“, – წერს ნინო ცხოვრებაძე.
ცნობისთვის, ბლოგერი დაურ ბუავა 28 აგვისტოს საცოხვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების თანახმად, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, „მეთადონი“ მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6,27 გრამი „მეთადონი“ ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოებული.
რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მან უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას.
შეგახსენებთ, დაკავებულებიდან გივი გუდაძეს – ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა ბოჭორიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა. აღნიშნული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
