ფსიქოლოგი ინგა გოჩელეიშვილი ამბობს, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს.
ამის შესახებ გოჩელეიშვილმა „სხვა შუადღის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა თითოეული სიტყვა წინასწარ უნდა განსაზღვროს.
„სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ადამიანის გააზრებულობასთან არის კავშირში, რომ რამდენიმე წამით გააღოს პირი და თქვას სიტყვა საკუთარ თავზე ან სხვაზე. რაც უფრო გააზრებული და დაფიქრებული ხარ, რაც უფრო ნაკლებად იმპულსური, მით უფრო მეტად შეგიძლია ამის კონტროლი. საბედნიეროდ, ახლა სულ უფრო და უფრო იშვიათად მხვდება ფენომენი, როგორიც არის წყევლა. ბებოებს რომ აქვთ ასეთი გამართლება, მე თუ გწყევლი, ჩემი ძუძუები გლოცავსო, არ დაიჯეროთ. დედა და ბებია ის ადამიანები არიან, რომელთაგანაც გამოვიზარდეთ ფიზიკურად. ამ ადამიანებთან გვაქვს ჩვენ ბიოლოგიური და ენერგეტიკული კავშირი. არაფრით არ შეიძლება ისეთი სიტყვების თქმა, როგორიცაა: „თავი გაგიხმეს!“ როდესაც ოჯახის წევრისგან მოდის წყევლა, ხდება ქვეცნობიერი დაპროგრამება. ძალიან ხშირად მსმენია გამოთქმა: „გაგიხმეს თავი!“ მერე ზრდასრული ადამიანი ავადდება ალკოჰოლიზმით. გასაგებია, რომ როგორც ფოთოლი ხმება, ისე არ უხმება ადამიანს თავი,“ – აღნიშნა გოჩელეიშვილმა.
ფსიქოლოგმა ინგა გოჩელეიშვილმა ასევე ისაუბრა ექსპერიმენტის შესახებ, რაც სიტყვის ძალას უკავშირდება:
„სიტყვის ძალაზე გამახსენდა ექსპერიმენტი. ორ იდენტურ ლანგარში დათესეს ბრინჯი. ერთ ლანგარს მუსიკას ასმენინებდნენ, ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ, მეორეს კი ლანძღავდნენ და წყევლიდნენ. ერთ ლანგარში ბრინჯი აყვავდა, მეორეში კი დაობდა და გაფუჭდა.
არის ასეთი ბრძნული გამონათქვამი: „ჩვენ ვერ დავუშლით ჩიტებს, რომ იფრინონ ჩვენს თავზე ცაში, მაგრამ ჩვენს თავზე ბუდეს გაიკეთებენ თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.“ ფიქრიც ასევეა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა დაიჭიროს, თუ რაზე ფიქრობს დღის განმავლობაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რაზე ფიქრობთ,“ – თქვა ფსიქოლოგმა.
ინგა გოჩელეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნეგატიური ფიქრები და ემოციები, დადებით შედეგს ვერ მოიტანს.
„წარმოვიდგინოთ, რომ კვირას ეკლესიაში მიხვიდეთ და რაღაც კარგი სთხოვოთ თქვენი ოჯახისთვის ღმერთს. ამაზე რამდენ ხანს ხარჯავთ? ალბათ, ხუთ-ათ წუთს ან ერთ საათს. როდესაც რაღაცის გვეშინია, როდესაც არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, ამაზე შეუჩერებლად ვფიქრობთ. ნეგატიურ ემოციებს და ფიქრებს მუდმივად ვაცოცხლებთ გონებაში. ჩვენი ფიქრი არის ერთგვარი წყალი, რომელ მცენარესაც დაუსხამ წყალს, ის ამოვა,“ – აღნიშნა ინგა გოჩელეიშვილმა.
