მუსიკის ისტორიაში არსებობს სიმღერები, რომლებიც დროთა განმავლობაში სცდებიან თავდაპირველ ჩანაწერს, იქცევიან ეპოქის სიმბოლოებად და მილიონობით ადამიანის საერთო ტკივილს აერთიანებენ. ზუსტად ასეთი ნამუშევარია ამერიკული პანკ-როკ ჯგუფის, Green Day-ის 2004 წლის ჰიტი – Wake Me Up When September Ends.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპოზიცია ხშირად გლობალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებთან ასოცირდება, მისი ფესვები ჯგუფის ფრონტმენის, ბილი ჯო არმსტრონგის უდიდესი პირადი ტრაგედიიდან მოდის.
სიმღერის სათაური და ტექსტი პირდაპირ კავშირშია ბილი ჯო არმსტრონგის ბავშვობასთან. 1982 წლის სექტემბერში, როდესაც მომავალი როკ-ვარსკვლავი სულ რაღაც 10 წლის იყო, მამამისი, ენდი არმსტრონგი, საყლაპავი მილის კიბოთი გარდაიცვალა.
მამის დაკრძალვის შემდეგ, ემოციურად განადგურებული ბილი ჯო საკუთარ ოთახში გაიქცა და ჩაიკეტა. როდესაც შეშფოთებულმა დედამ კარზე დაუკაკუნა და სთხოვა გამოსულიყო, ბავშვმა ტირილით უპასუხა: ,,გამაღვიძე, როცა სექტემბერი დასრულდება”.
არმსტრონგს წლები დასჭირდა იმისათვის, რომ ამ ტკივილზე ხმამაღლა ელაპარაკა. მან აღიარა, რომ სიმღერის დაწერა მისთვის თერაპიული პროცესი იყო, თუმცა წერისა და ჩაწერის დროს ემოციების მოზღვავების გამო ცრემლებს ვერ იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ სიმღერის თითოეული ფრაზა რეალურ ქრონოლოგიას მიჰყვება:
Seven years has gone so fast (შვიდი წელი ასე სწრაფად გავიდა) – ეს მიანიშნებს დროის მონაკვეთზე 1982 წლიდან, მამის გარდაცვალებიდან – 1989 წლამდე, როდესაც ბილი ჯომ და მაიკ დერნტმა ოფიციალურად ჩამოაყალიბეს ჯგუფი – Green Day.
Twenty years has gone so fast (ოცმა წელმა ასე სწრაფად ჩაიარა) – ეს არის დრო მამის დაკარგვიდან სიმღერის დაწერამდე. ბილი ჯო ხაზს უსვამს იმას, რომ დროის გასვლის მიუხედავად, დანაკარგის ტკივილი არ განელებულა.
სიმღერის პირადი ხასიათის მიუხედავად, რეჟისორ – სემ ბაიერის მიერ გადაღებულმა კლიპმა მას სრულიად ახალი, მასშტაბური კონტექსტი შესძინა. ვიდეოში მონაწილეობენ მსახიობები – ჯეიმი ბელი და ევან რეიჩელ ვუდი. მუსიკალური რგოლი გვიჩვენებს შეყვარებულ წყვილს, რომელთა ბედნიერებასაც წერტილს უსვამს ბიჭის გადაწყვეტილება – ჩაირიცხოს აშშ-ის არმიაში და წავიდეს ერაყის ომში.
კლიპი ვიზუალურად მძიმე და დრამატულია, სადაც კარგად ჩანს ომის საშინელება და ის, თუ როგორ ანგრევს პოლიტიკური კონფლიქტები რიგითი ადამიანების ცხოვრებას. ამ ვიდეოს გამოშვების შემდეგ, სიმღერა ამერიკული საზოგადოებისთვის ანტიომის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.
Wake Me Up When September Ends შესულია Green Day-ის 2004 წლის საკულტო ალბომში – American Idiot, თუმცა მისი სინგლად ჩაშვება დაემთხვა 2005 წლის აგვისტოს ბოლოს მომხდარ საშინელ ბუნებრივ კატასტროფას – ქარიშხალ „კატრინას“. სიმღერა მომენტალურად იქცა იმ ადამიანების გლოვისა და იმედის სიმბოლოდ, რომელთაც სტიქიის დროს სახლები და ახლობლები დაკარგეს. ჯგუფმა სიმღერა დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტებზეც შეასრულა.
დღეს, Wake Me Up When September Ends Green Day-ის შემოქმედების მწვერვალად და როკ-მუსიკის კლასიკად ითვლება. ის გვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არის „სექტემბერი“- პერიოდი, რომლის გადაგორებაც და დავიწყებაც გვსურს, თუმცა მისგან მიღებული იარები გვზრდის და გვაძლიერებს.