87 წლის ასაკში, მოდისა და კოსტიუმების საკულტო ამერიკელი დიზაინერი, ბობ მაკი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია დიზაინერის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მისმა გუნდმა დაადასტურა.
,,ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ დღეს ბობ მაკი გარდაიცვალა. მან თავისი 87 წელი სრულფასოვნად იცხოვრა და აისრულა ოცნება – გამხდარიყო მოდისა და კოსტიუმების დიზაინერი. მისი გენიალური და არაორდინალური ნამუშევრები სამუდამოდ იცოცხლებენ და კვლავაც შემოიტანენ სილამაზეს ამ სამყაროში”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე არ სახელდება.
ცნობისთვის, ბობ მაკი მეოცე საუკუნის შოუბიზნესის გლამურის მთავარი არქიტექტორი იყო. მისი ექსტრავაგანტური, თამამი და ბრწყინვალე კოსტიუმები განსაზღვრავდა ისეთი ლეგენდების იმიჯს, როგორებიც არიან: შერი, რომელთანაც დიზაინერს მრავალწლიანი მეგობრობა და საკულტო თანამშრომლობა აკავშირებდა, ასევე დაიანა როსი, ტინა ტერნერი, ბარბრა სტრეიზანდი, ელტონ ჯონი, მადონა და დოლი პარტონი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბობ მაკის ეკუთვნის მერლინ მონროს იმ ცნობილი მბზინავი კაბის პირველადი ესკიზი, რომლითაც მსახიობმა 1962 წელს, პრეზიდენტ, ჯონ კენედის დაბადების დღე მიულოცა.
ბობ მაკიმ ტელევიზიისა და კინოს განვითარებაშიც უდიდესი კვალი დატოვა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მან მოიპოვა: 9 Emmy-ს ჯილდო 30-ზე მეტი ნომინაციიდან, Tony-ს პრემია და ,,ოსკარის” 3 ნომინაცია კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის.
იგი გახდა პირველი კოსტიუმების დიზაინერი ისტორიაში, რომელიც 2002 წელს ტელევიზიის აკადემიის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
დიზაინერის საკულტო ნამუშევრები, მათ შორის შოუებისთვის შექმნილი კაბები, დღეს ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმშია დაცული, მისი კოსტიუმების არქივებს კი წითელი ხალიჩებისთვის დღემდე აქტიურად იყენებენ თანამედროვე ვარსკვლავებიც, მათ შორის ზენდეია და მაილი საირუსი.