ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი უკვე შვიდი თვეა, გაუჩინარებულია და ის არცერთ ღონისძიებაზე აღარ ჩანს. „დეილი მეილი“ წერს, რომ ის, შესაძლოა, ორსულად იყოს, ანდა – უბრალოდ, კიმ ჩენ ინისა და მისი ახალგაზრდა დის ფავორიტი აღარ არის.
რი სოლ-ჩუ, ყოფილი მომღერალი, კიმ ჩენ ინმა სახალხოდ ცოლის ამპლუაში 2012 წლის ივლისში წარადგინა. მას შემდეგ პირველი ლედი დროდადრო ჩნდებოდა ხოლმე სატელევიზიო კადრებში.
თუმცა, როგორც სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap წერს, ბოლოს რი სოლ-ჩუ 28 მარტს გამოჩნდა.
იაპონელი პროფესორი ტოშიმიცუ შიგემურა, რომელიც ჩრდილო კორეის საკითხების ექსპერტია, „დეილი ტელეგრაფთან“ ამბობს, რომ პირველი ლედის გაუჩინარება ორი მიზეზის გამო არის შესაძლებელი – ის ან ორსულად არის, ან ქმართან ურთიერთობა დაეძაბა.

