სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო – აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო.
„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში.
