LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ – რა მომავალი აქვს საქართველოში გვამურ დონაციას

ალბათ, ყველას გვინახავს ერთი ჰოლივუდური ფილმი მაინც, სადაც მთავარი გმირი ავადაა,  მის სიცოცხლეს კი  მხოლოდ ახალი გული ან სხვა ორგანოს გადანერგვა გადაარჩენს…   სიუჟეტური ხაზი სხვადასხვაგვარია, ხშირად ემოციური,  ფილმის მორალი კი ერთი – გაეცი ორგანო, გადაარჩინე  სიცოცხლე.

მსოფლიოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის ორი გზა არსებობს:  დონორი შეიძლება, იყოს ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანი, ორივე შემთხვევაში, გადანერგვა პიროვნების ან მისი ოჯახის წევრის თანხმობით (გვამური ტრანსპლანტაციის შემთხვევაში) ხდება.  დონორობა  ქველმოქმედების საფუძველზეა დამყარებული, ორგანოს ყიდვა-გაყიდვა ყველა ქვეყანაში აკრძალულია და კანონით ისჯება.

 

 

 

საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციისა და დონაციის საკითხს  „ საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“– აწესრიგებს.

კანონის  მიხედვით,  ცოცხალი დონორი  შესაძლებელია, იყოს:

„გენეტიკური ნათესავი – დონორის ან რეციპიენტის (მომღების) შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი;

რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი – რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის მქონე პირი“ – მითითებულია კანონში.

 

„ბოლო კეთილი საქმე“ – მიეცი შანსი სხვას

საქართველოს კანონი ქვეყანაში გარდაცვლილის დონორად გამოყენებას არ კრძალავს. იმ შემთხვევაში, თუ პირს სიცოცხლეშივე აქვს გაცემული თანხმობა დონორობაზე , ან არ არსებობს  უარი,  გარდაცვალების შემდეგ დონორობაზე თანხმობას ოჯახის წევრთა განსაზღვრული წრე გასცემს.

 

 

მიუხედავად იმისა,  რომ გარდაცვლილისგან ორგანოს მიღებას კანონი არ კრძალავს,  საქართველოში გვამური დონაციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამის მიზეზად საქართველოს “ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის” ხელმძღვანელი საზოგადოების  ფსიქოლოგიურ  მიუღებლობას და ფინანსურ/ტექნიკურ  პრობლემებს ასახელებს.

„საქართველოში ორგანოგადანერგილი 386 პაციენტი  ცხოვრობს, მათგან ექვსს გული აქვს გადანერგილი, ექვსივე ოპერაცია საზღვარგარეთ არის ჩატარებული.  საქართველოში  გვამი  დონორის გამოყენების არცერთი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით 1977 წელს ჩატარებულ ოპეარციას, როცა ორგანოები მოსკოვიდან ჩამოიტანეს.

“კანონი არ კრძალავს გვამურ დონაციას, თუმცა, ამ კუთხით ორი პრობლემა არსებობს.  მოსახლეობაში არ არის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა, გარდაცვლილი ახლობლის ორგანოების გაცემაზე დასთანხმდნენ.

“მეორე პრობლემა არის ფინანსური ხარჯები, გარდაცვლილის ორგანოს გამოსაყენებლად საჭიროა, მოძებნო შესაფერისი პაციენტი, ამის გასარკვევად  კი საჭიროა ძვირადღირებული კვლევა. არსებობს სია, ვის ესაჭიროება გადანერგვა,  თუმცა, ფინანსური ხარჯების გამო, კვლევა,  როგორი დონორი სჭირდებათ, არა აქვთ ჩატარებული. შესაბამისად, არ არსებობს ორგანოების  მომლოდინეთა სია,”  –  აცხადებს „ფორტუნასთან“ გია თომაძე.

 

მინდა, გავხდე დონორი

გარდაცვალების შემდეგ ორგანოთა გაცემაზე თანხმობა ამ დროისთვის 200- მდე ადამიანს აქვს დაფიქსირებული. ვებ პლატფორმაზე  ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, დააფიქსიროს სურვილი, გახდეს დონორი გარდაცვალების შემდეგ ან დააფიქსიროს უარი დონორობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ თანხმობის შემთხვევაშიც კი, კანონის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანს გაცემაზე ოჯახი იღებს, ბაზაში საკუთარი სურვილის დაფიქსირება ოჯახს  გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გარდაცვალებიდან ორგანოს ვარგისიანობამდე დრო შეზღუდულია.

არავინ არის დაზღვეული გადანერგვის საჭიროებისგან. სპეციალისტის განმარტებით,  საკითხს ადამიანებმა აუცილებლად პაციენტის პოზიციიდანაც უნდა შეხედონ – უსამართლობაა, არ გავცეთ ორგანო მაშინ, როცა ერთ გარდაცვლილს შეუძლია, მინუმიმ, 7 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე.

“ტრანსპლანტოლოგიის ასოციაციის” ხელმძღვანელი გვამურ დონაციასთან დაკავშირებული მენტალური პრობლემის მოსახსნელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მიიჩნევს მნიშვნელოვნად. მისი პროგნოზით, პირველი გვამური დონაციის შემთხვევა, არ არის გამორიცხული, 2018 წელსაც დაფიქსირდეს.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები