სკოლაში შესვლა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციაა – თამაშზე ორიენტირებული გარემოდან ის წესების, შეფასებებისა და ახალი სოციალური პასუხისმგებლობების სამყაროში გადადის. ამის შესახებ ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში წერს.
ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, ბავშვის სასკოლო ადაპტაციის პროცესს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ – წინასწარ გააცნონ მას სკოლის გარემო, შეუქმნან პოზიტიური, თუმცა რეალისტური მოლოდინები და სწავლისადმი ინტერესი იძულების ნაცვლად ცნობისმოყვარეობაზე ააგონ.
სპეციალისტის თქმით, ადაპტაციის პერიოდში ბავშვის გაღიზიანება, ჩაკეტილობა ან დაღლილობა შესაძლოა ბუნებრივი რეაქცია იყოს, თუმცა ხანგრძლივი და მკვეთრი ცვლილებები დამატებითი ყურადღების საჭიროებაზე მიანიშნებს.
„მშობლებო გაითვალისწინეთ, რომ ბავშვისთვის სკოლაში შესვლა და სწავლის დაწყება უდიდესი ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციაა.
ის ტოვებს თამაშზე ორიენტირებულ, უსაფრთხო გარემოს და გადადის წესების, შეფასებების და სოციალური პასუხისმგებლობების სამყაროში.
სკოლის შეყვარება და ადაპტაცია ერთჯერადი აქტი არ არის ეს დინამიური პროცესია, სადაც გადამწყვეტ როლს მშობლის და მასწავლებლის სწორი მიდგომა თამაშობს.
როგორც წესი, ბავშვებისთვის,
შფოთვის მთავარი წყარო გაურკვევლობაა.
სანამ სწავლა დაიწყება, მნიშვნელოვანია ბავშვს შევუქმნათ პოზიტიური, მაგრამ რეალისტური მოლოდინები.
წინასწარ ისეირნეთ სკოლის ეზოში, აჩვენეთ კლასი, ეზო, საპირფარეშო. გაურკვევლობის შემცირება პირდაპირ ამცირებს სტრესის დონეს.
თამაშის მეშვეობით გაითამაშეთ სკოლის სცენარები გაკვეთილი, დასვენება, ჩანთის ჩალაგება. ეს ბავშვს ეხმარება ახალი როლის მორგებაში.
ერიდეთ ფრაზებს: „იქ ყველაფერი საოცარი იქნება“ ან „დიდი ბიჭი/გოგო ხარ და აღარ უნდა იტირო“. სჯობს უთხრათ: „იქ ბევრ ახალ რამეს გაიგებ, ხანდახან შეიძლება დაიღალო კიდეც, მაგრამ მე შენს გვერდით ვარ, ერთად დავისვენებთ“.
ადაპტაციის პერიოდში ბავშვი შეიძლება გახდეს გაღიზიანებული, პრეტენზიული ან ჩაკეტილი. ეს ნორმალური რეაქციაა ენერგიის და ემოციების გადაწვაზე.
თუ ბავშვი ამბობს, რომ სკოლა არ მოსწონს, არ უპასუხოთ: „ეგ როგორ არ მოგწონს!“. ამის სანაცვლოდ უთხრათ: „მესმის, რომ დაიღალე/გაგიჭირდა. მოდი, მოყევი, რამ დაგაღალა ყველაზე მეტად“.
ბავშვები სარკესავით ირეკლავენ მშობლების შფოთვას. თუ მშობელს აქვს შიში, ბავშვი ქვეცნობიერად აღიქვამს, რომ სკოლა საფრთხის შემცველი ადგილია.
შინაგანი ინტერესის გაღვივება სწავლის შეყვარება შეუძლებელია იძულებით და ნიშნებზე ორიენტაციით. მოტივაცია უნდა მოდიოდეს ცნობისმოყვარეობიდან.
შეაქეთ ბავშვი მცდელობისთვის და არა მხოლოდ მიღებული ნიშნისთვის. „ყოჩაღ, რომ ბევრი იშრომე ამ დავალებაზე“ უფრო ეფექტურია, ვიდრე „ყოჩაღ, ათიანი მიიღე“.
მათემატიკა გამოიყენეთ მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას, წაკითხული ტექსტი განიხილეთ როგორც საინტერესო ამბავი და არა როგორც „სასწავლი მასალა“.
აუხსენით, რომ შეცდომა სწავლის ბუნებრივი ნაწილია. შეცდომის შიში პროცესის სიძულვილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
რუტინა და ფიზიკური ბალანსი აუცილებელია.
სტრესთან გამკლავებას სჭირდება მყარი ფიზიკური საყრდენი.
გადაღლილი და უძილო ბავშვი ემოციურად არასტაბილურია, რაც პირდაპირ მოქმედებს კონცენტრაციასა და გუნება-განწყობაზე.
სკოლის შემდეგ ბავშვს სჭირდება მინიმუმ 1-2 საათი სრული განტვირთვა. თამაში, მოძრაობა, დასვენება და არა ეგრევე დავალებებზე გადასვლა.
შეცვალეთ შეკითხვების დასმის ფორმა. კითხვის „რა მიიღე სკოლაში?“ ნაცვლად გამოიყენეთ:
„რამ გაგაცინა დღეს სკოლაში?“
„რა იყო ყველაზე საინტერესო, რაც დღეს გაიგე?“
„ვინმეს ხომ არ დაეხმარე ან შენ ხომ არ დაგეხმარა?“
თუ ბავშვი 3-4 კვირაზე მეტხანს ავლენს მკვეთრ აგრესიას, სომატურ ჩივილებს (მუცლის/თავის ტკივილი დილით) ან ღრმა ჩაკეტილობას, ეს უკვე სიგნალია, რომ ადაპტაციის პროცესში ჩართულია დამატებითი სტრესორები (მაგ. ბულინგი, მასწავლებელთან კონფლიქტი ან აღქმის სირთულეები) და საჭიროა ფსიქოლოგის ან პედაგოგის ჩართულობა”, – წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე.
