„გუშინ შემოვიდა დასკვნა, ჩვენი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ამ სკოლაში ვერ გაგრძელდება, სწავლის უწყვეტობა იქნება სრულად უზრუნველყოფილი“, – ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძე თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ საკითხს, სადაც ავარიულობის მიზეზით დღეიდან სასწავლო პროცესი ჩერდება.
გივი მიქანაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში განახორციელებს და წარადგენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ განხორციელდება 21-ე სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი.
„21-ე სკოლასთან დაკავშირებით სიტუაცია არის შემდეგი: პირველ რიგში, გეტყვით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზა მუშაობს სარეაბილიტაციო სკოლებთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების მომზადებაზე.
ჩვენ სამინისტროში ეს დასკვნა მივიღეთ გუშინ, დღის მეორე ნახევარში, რის საფუძველზეც, მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ბავშვების და სასკოლო პერსონალის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ვერც ერთი ბავშვის, ვერც ერთი პედაგოგის, იქ დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.
დასკვნას ველოდებოდით, სანამ არ იქნებოდა წარმოდგენილი, არ ვიცოდით, იქ რა მდგომარეობა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, გუშინ შემოვიდა დასკვნა, ჩვენი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ამ სკოლაში ვერ გაგრძელდება, სწავლის უწყვეტობა იქნება სრულად უზრუნველყოფილი.
ჩვენ უახლოეს დღეებში შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას, რომ სხვა ალტერნატიულ სივრცეში, სკოლა როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას, მაგრამ გეტყვით, რომ სწავლის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი და ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რომ ეს პროცესი ჩვეულებრივ კონტექსტში განახლდეს.
ამავდროულად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში განახორციელებს და წარადგენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ განხორციელდება 21-ე სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი“, – განუცხადა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს.
