LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინანდლის მამულში შემოდგომის საგამოფენო სეზონი ახალი გამოფენით გაიხსნა

529
daTuaSvili gamofena

წინანდლის მამული ქართველი მხატვრის, გიგა დათუაშვილის გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია სახელწოდებით „…რომ სიყვარული არ დაიკარგოს“, დამთვალიერებელს მხატვრის  სამყაროსა და მისი შემოქმედებითი ძიების პროცესს გააცნობს.

გიგა დათუაშვილი 1993-1998 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1995-1998 წლებში მონაწილეობდა შუა საუკუნეების ტაძრების მოხატულობების სარესტავრაციო სამუშაოებში, ხოლო 1997-1998 წლებში ძეგვის ბავშვთა სახლში ხატვას ასწავლიდა.

გიგა დათუაშვილი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მიერ დატოვებული ნამუშევრები, ჩანახატები და ჩანაწერები დღეს მისი შემოქმედებითი სამყაროსა და მხატვრული ძიების გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.

გიგა დათუაშვილის შემოქმედება მისმა უამრავმა ჩანახატმა და ჩანაწერმა შემოგვინახა. ის ეფუძნება სულიერებას, ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, ხელოვნებისა და ლიტერატურის შეცნობის მუდმივსურვილს. ამავე დროს, მის შემოქმედებაში მკაფიოდ იგრძნობა 1990-იანი წლების საქართველოს წინააღმდეგობრივი რეალობის სიღრმისეული განცდა.

გიგა დათუაშვილის შემოქმედებაში გამოკვეთილი სულიერი და ქრისტიანული მოტივები განსაკუთრებულ კონტექსტს იძენს 2026 წელს, როდესაც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე აღინიშნება.

ნამუშევრების ფრაგმენტულობა და დაუსრულებლობა, წარმოსახვითი თუ ლიტერატურული გმირების პლასტიკა და მეტყველი მზერა მნახველისთვის ფიქრისა და ძიების სივრცეს ქმნის. ჩანახატებთან ერთად წარმოდგენილი ჩანაწერები კი მხატვრის შინაგან სამყაროსა და შემოქმედებითი ძიების პროცესს კიდევ უფრო ახლოდან გვაცნობს. გიგა დათუაშვილის ნამუშევრებისა და ტექსტების ძალა მათ გულწრფელობასა და სისადავეშია. წარმოდგენილი გამოფენა დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს მხატვრის სამყაროს, მის ინტერესებსა და იმ შემოქმედებით ძიებებს, რომლებიც ჩანახატებსა და ჩანაწერებში შემოგვრჩა.

მორიგი გამოფენა წინანდალში სილქნეტისა და„სილქ ჰოსფითალითის“ მხარდაჭერით არის წარმოდგენილი, რომლის ნახვა ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ ვიზიტორებს. 

ისტორიულ მამულში ამჟამად წინანდლის ფესტივალის რიგით მე-8 სეზონი მიმდინარეობს, რომელსაც ტრადიციულად კომპანია სილქნეტი წარადგენს. 13 სექტემბრის ჩათვლით აქ დღის და საღამოს კონცერტები იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები