LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიქრობს თუ არა მაშველი საკუთარ თავზე სამაშველო ოპერაციის დროს?

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო სამაშველო სამუშაოების ორგანიზების სამმართველოს უფროსი მამუკა ყირიმელი, თბილისის სამმართველოს მეხანძრე მაშველი მურად ფახურიძე და პატრულ-ინსპექტორები გოდერძი კანდელაკი და ლევან ნათიძე ესტუმრნენ.

– ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, გვინდა საზოგადოებამ მეტი გაიგოს თქვენს შესახებ, რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია?

მაშველი მურად ფახურიძე: – ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს პროფესია, ყოველდღიურად მიწევს ჩემი თანამემამულეებისათვის დახმარების გაწევა, მათი გადარჩენა, უკვე სამი წელია თბილისის სამაშველო სამსახურში ვმუშაობ და დღემდე ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ვასრულებ.

მამუკა ყირიმელი:- მოგესალმებით. მეხანძრე მაშველის პროფესია ძალიან ბევრს ნიშნავს. პირეველ რიგში ეს არის სიამაყის განცდა. მე ვარ ამაყი, რომ მარგუნა ბედმა ვიყო მეხანძრე მაშველი.

პატრულ-ინსპექტორი ლევან ნათიძე: – იყო პოლიციელი ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა, ყოველდღიურად ძალიან სახიფათო სიტუაციებში გვიწევს ყოფნა, ვრისკავთ საკუთარ სიცოცხლეს.

პატრულ-ინსპექტორი გოდერძი კანდელაკი: – ძალიან ძნელია იყო ინსპექტორი, ამისათვის მზად უნდა იყო, ყოველდღიურად ვეხმარებით მოქალაქეებს. ხუთი წელია აქ ვმუშაობ და 13 ივნისის ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო.

– სამაშველო ჯგუფში გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა ხდება თქვენთან, რამდენად ზრუნავთ ერთმანეთზე?

– ეს აუცილებელი პირობაა. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. მაშველი, რომელიც ეხმარება სხვა ადამიანს, მასაც სჭირდება მაშველის დახმარება…

– კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 13 ივნისის ღამე…

მურადი: – ეს ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ვიყავით და მივიღეთ ინფორმაცია წავსულიყავით ბაგებში. დაახლოებით 10:00 საათი იყო, მდინარე უკვე გზაზე იყო გადმოსული და დაიწყო ავტომანქანების დატბორვა. სამაშველო ეკიპაჟმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და დავიწყეთ ხალხის ევაკუაცია და სამშვიდობის გამოყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ იყო ხალხის კატეგორია, რომლებსაც არ სურდათ მანქანების დატოვება, თუმცა ბევრი მათგანი დაგვემორჩილა და ჩვენი მითითებები გაითვალისწინა. ავტომობილები ბოძებზე მივაბით, რომ წყალს არ წაეღო. ხალხი გმირთა მოედნის მიმართულებით გამოვიყვანეთ, მაგრამ აქ სხვა საფრთხე დაგვხვდა – მტაცებელი ცხოველების სახით.

– თქვენი მეგობარი, ერთ-ერთი მაშველი დაიღუპა, თუ იცნობდით მას?

მამუკა: – ის ძალიან კარგი პიროვნება და გამორჩეული მაშველი იყო. მან თავისი სიცოცხლის ფასად ბევრი ადამიანი გადაარჩინა და თვითონაც შეეწირა ამ ამბავს. ის ნამდვილად ჩვენი დროის გმირია.

– ხომ ვერ გაიხსენებდით რომელიმე გამორჩეულ სამაშველო ოპერაციას?

მურადი: – ბევრია ასეთი, არის შემთხვევები როდესაც უმოკლეს დროში გვიწევს მოქმედება. იყო ძალიან მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც სამაშველო აღჭურვილობით დავჭერით ავტომობილი და ოთხი ადამიანი გადავარჩინეთ. იყო მაღალ სართულზე ხანძარი, თოკებით ჩავედით და ისე ჩავატარეთ სამუშაოები. იყო შემთხვევა, როდესაც მტკვარში გადახტა ადამიანი და მოვასწარით გადარჩენა…

მამუკა: – ყველა სამაშველო ღონისძიება არის დასამახსოვრებელი, აქ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვი…

– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც სურთ, რომ გახდნენ მაშველები?

მამუკა: – პირველ რიგში კარგია, რომ აქვთ სურვილი. საჭიროა ფიზიკური სიძლიერე, უწევს სხვისი გადარჩენა და უნდა იყოს ჰუმანური ადამიანი.

გოდერძი: – ამისათვის პირველ რიგში მზად ყოფნაა საჭირო, უნდა აცნობიერებდეს რასთან მოუწევს შეხება. მე 20 წლის ვიყავი, როდესაც საპატრულო პოლიციაში დავიწყე მუშაობა, ახლა 25-ის ვარ.

ლევანი: – ოთხი წელია, რაც პოლიციაში ვარ. 13 ივნისის ღამეს ჩემი და ჩემი მეწყვილე ვერეს ხეობაში ვმოძრაობდით, ვაკის პოლიციასთან ვიყავით. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. გავაჩერეთ ავტომობილი, გადავედით გზაზე მოქალაქეების დასახმარებლად. იქვე მაშველები იყვნენ, რომლებიც თავს წირავდნენ, ასევე იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც გვეხმარებოდნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად. დაახლოებით ათი ავტომობილიდან გადმოვიყვანეთ ადამიანები. წყალმა ჩემი მეწყვილე წაიღო ავტომობილიანად, დიდი ტალღა წამოვიდა და ის რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდა გადმოსვლას, შემდეგ გავიგე, რომ ფეხი ჰქონდა გაჭედილი. ორი საათის შემდეგ ჩემი ხელმძღვანელების დახმარებით მოვახერხეთ პოვნა, მზიურის ტერიტორიაზე მხოლოდ თავი და ხელი უჩანდა და გვეძახდა რომ დავხმარებოდით.

– სამაშველო ოპერაციისას ფიქრობთ თუ არა საკუთარ თავზე?

– ამ დროს მხოლოდ სხვისი დახმარება გსურს, ვერ აცნობიერებ რომ შენც შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდე. როდესაც ასეთი ექსტრემალურია სიტუაცია, ვერ ფიქრობ შენს თავზე. ცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გადაარჩინო, სწორედ ასე იყო 13 ივნისი ღამეს. ჩვენ უშუალოდ ზოოპარკის ტერიტორიაზე 3-4 საათი ვებრძოდით სტიქიას, როგორც აღვნიშნეთ ვერ ვიმორჩილებდით მოსახლეობას, მათ ავტომობილების დატოვება არ სურდათ. ჩემმა ეკიპაჟმა, რომელშიც 7 მაშველი იყო, 50 ადამიანი გამოიყვანა აღნიშნული ტერიტორიიდან.

აუდიოჩანაწერი