საქართველო და საფრანგეთი პირველ ანიმაციურ ფილმზე ერთობლივად იმუშავებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ახალგაზრდა ქართველი ანიმატორის, ანა ჩუბინიძის პროექტი “ჯიბის კაცი” პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იქნება, რომელზეც საქართველო და საფრანგეთი ერთობლივად იმუშავებენ.
მათივე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ანა ჩუბინიძემ პროექტი ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინა, სადაც “ფოლიმაჟმა” (ფრანგული ანიმაციური სტუდია) სწორედ ანას ნამუშევარზე შეაჩერა არჩევანი და ახალგაზრდა ანიმატორი სცენარზე და კადრირებაზე სამუშაოდ საფრანგეთში მიიწვია.
“ჯიბის კაცის” წარმოება ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება. აქედან პირველი 6 თვე ფილმზე მუშაობა დაგეგმილია საქართველოში, შემდეგი 6 თვე კი საფრანგეთში.
“ჯიბის კაცი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კინოცენტრმა კონკურსი ანსის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად გამოაცხადა. გამარჯვება და ანსიში გამგზავრების შანსი კი ანა ჩუბინიძემ მოიპოვა.
