ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლებით ჩინეთში იმყოფება. პირველი კონცერტი ქალაქ შენჯენში შედგა. ქართველ მომღერლებს „სულიკოს“ შესრულება ბისზე რამდენჯერმე მოუხდათ. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა „რუსთავის“ მიერ შესრულებულმა პოპულარულმა ჩინურმა სიმღერებმა. თანაც აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ჩინური ერთხმიანი სიმღერები მაყურებელს მრავალხმიანობით შეთავაზეს. ამის შემდეგ ქართული ხალხური და სასულიერო მუსიკა გუანჯოსა და პეკინში გაჟღერდა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა კი მუსიკის მოყვარულთათვის და მოყვარულთა გუნდებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.
