ხალხური სიმღერების ანსამბლი „ალავერდი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და ოთხ წევრს, მიხეილ ჯავახიშვილს, გაგა აბაშიძეს, ბუბა მურღულიასა და დავით ქავთარაძეს აერთიანებს. რეპერტუარი ქართულ ხალხურ სიმღერებს მოიცავს, როგორც ინსტრუმენტებით, ისე აკაპელათი შესრულებულს. ჯგუფის მიზანია ქართული ეთნომუსიკის საქართველოს საზღვრებს გარეთ წარდგენა.
პირველი გასტროლი მალაიზიაში შედგა, „რეინფორესტის“ მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე, რომელიც სარავაკის კულტურულ სოფელში ყოველწლიურად იმართება და მუსიკოსებს ყველა კონტინენტიდან მასპინძლობს.
„ალავერდის“ წევრებმა მსმენელს წარუდგინეს „წინწყარო“, გურული „შენ ხარ ვენახი“, „„ხორუმი“, „ძველი ქართული საცეკვაო“ და სხვა კომპოზიციები. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, მაყურებელმა ქართული ეთნომუსიკა აღფრთოვანებით მიიღო. ქართველებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები შვეიცარიიდან, კონგოდან, მონღოლეთიდან, ტუნისიდან…
7 აგვისტოს, ფესტივალის გახსნაზე, კონცერტის გარდა, ქართველმა მუსიკოსებმა 4 ვორქ-შოფი ჩაატარეს, როგორც ქართული მუსიკალური საკრავების, ასევე კრიმანჭულის შესახებაც.
მათ მიმართ გამოვლენილი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ანსამბლმა სამომავლოდ გასტროლების შესახებ შეთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღო.
