6 სექტემბერს, საოპერო შემსრულებელი, ანიტა რაჭველიშვილი სოლოკონცერტს გამართავს, რომელიც „ბათუმობას“ მიეძღვნება. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ბათუმელი მსმენელის წინაშე წარდგება.
ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. საოპერო შემსრულებელი სცენაზე დიდი ხნის მეგობარსა და მუსიკალურ პარტნიორთან, ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება. ღონისძიებაში მონაწილეობენ პიანისტი დათუნა ალადაშვილი და ალტისტი გიორგი ცაგარელი.
როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, საღამო განსაკუთრებული იქნება, თუმცა კონკრეტულად პროგრამის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.
ანიტა რაჭველიშვილი ერთ-ერთია ქართველ საოპერო შემსრულებლებს შორის, რომლებმაც მსოფლიოში გაითქვეს სახელი. მისი კარიერა 2009 წლის 7 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ლა სკალაში, იონას კაუფმანთან ერთად, მთავარი როლი შეასრულა „კარმენში“. მას შემდეგ მსოფლიოს დიდ საოპერო სივრცეებში წარმატებით გამოდის.

ნინო მურგულია
