LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები თბილისის ჯაზფესტივალზე

 

Ardaidardo.Geწლევანდელი თბილისის ჯაზფესტივალი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ჯაზშემსრულებლის, დაიანა კროლის კონცერტით 23 ოქტომბერს გაიხსნება, 29 ოქტომბერს კი ლეგენდარული ჯგუფის „Fourplay“-ის გამოსვლით დაიხურება.

 

ფესტივალის ორგანიზატორი, „ისტერნ პრომოუშენი“ მელომანებს გამორჩეული ლაინ-აფით ანებივრებს. დრამერ ჯეფ ბალარდის ტრიოსა და არფისტ ედმარ კასტანედასთან ერთად, ოქტომბრის ბოლოს, ახალგაზრდა მომღერლისა და ბასისტის, ესპერანზა სპალდინგის ახალი პროგრამის მოსმენის საშუალებაც გვექნება.

 

სპალდინგმა მეშვიდე წელია, ჯაზსამყაროს ყურადღება მიიპყრო. მან პრესტიჟული მუსიკალური პრემია „გრემი“ ოთხჯერ მიიღო, მათ შორის როგორც „საუკეთესო ახალმა არტისტმა“ და გახდა პირველი ჯაზარტისტი, რომელსაც „გრემის“ ამ კატეგორიაში გამარჯვება ხვდა წილად.

 

სპალდინგის ჩამოყვანას თბილისის ჯაზფესტივალი რამდენიმე წელია, ცდილობს.

 

გიორგი კერესელიძე, „ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორი:

 

უკვე მეშვიდე წელია, რაც ესპერანზა სპალდინგი უამრავ ფესტივალს ამშვენებს. მეოთხე წელია, ვცდილობთ მის ჩამოყვანას, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ თარიღები არ ემთხვეოდა. წელს კი, თბილისის ჯაზფესტივალისთვის მოვიძიეთ სასურველი თარიღი.

 

სხვათა შორის, ახალი პროგრამა ჩამოაქვს, რომელიც ჩვენთვისაც სიურპრიზი იქნება. ახლახან მოვისმინე დუბაიას ჯაზფესტივალზე, თუმცა იქ სხვა რეპერტუარი ჰქონდა.

 

თავის ჰიტებს თუ შეასრულებს?


ზოგადად, ასეთ კონცერტებზე ცნობილ ჰიტებს ყველა არტისტი ასრულებს, მეორე ნახევარში განსაკუთრებით.

 

სპალდინგის ვირტუოზული შესრულებით ნამდვილად ისიამოვნებთ. მცირე ხნის წინ, სტინგის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე, მან ჰერბი ჰენკოკთან ერთად შეასრულა ცნობილი კომპოზიცია „Fragile“, რითაც მაყურებლის სრული აღფრთოვანება გამოიწვია, ხოლო თავად სტინგს ამ შესრულების მოსმენისას თვალზე ცრემლი მოადგა.

 

ნინო მურღულია