LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე ახალი კლიპითა და ალბომით ბრუნდება

Ardaidardo.Geზურა ხაჩიძე წელს დასვენებას ვერ ახერხებს, რადგან კარიერის თვალსაზრისით გეგმები აქვს. ამჟამად ბათუმში იმყოფება, სადაც სიმღერაზე, რომლის ტექსტიცა და მუსიკაც გელა გნოლიძეს ეკუთვნის, კლიპს იღებს.

 

კლიპი ახალ სიმღერაზე კომპოზიტორ-შემსრულებლის, გელა გნოლიძის პირველი სარეჟისორო ნამუშევარიც იქნება. გადაღებები უკვე დაწყებულია და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობს, მათ შორის, ბორჯომსა და ბათუმში. ამჟამად ჯგუფი სწორედ აჭარაში იმყოფება, მოგვიანებით თბილისში დაბრუნდებიან, სადაც დასკვნით კადრებს გადაიღებენ.

 

ზურა ხაჩიძეს მაშინ დავუკავშირდით, როდესაც მორიგი ეპიზოდის გადასაღებად ემზადებოდნენ და ექსკლუზიურად გაგვიმხილა დეტალები.

 

ზურა ხაჩიძე:

 

სიმღერის სახელწოდებას ჯერ ვერ გეტყვით, რადგან არ მომიფიქრებია, მაგრამ უკვე მზად არის. მის შექმნაში გელა გნოლიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ზაზა ხუბუკელაშვილმა და კოტე ნონიკოვმა. სიმღერა ბათუმზე, სიყვარულზე და გოგონასთან ურთიერთობაზეა. მისი პრემიერა „ფორტუნა პლუსისა“ და „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგება. მართალია, დიჯეური, საცეკვაო ნამუშევარია, მაგრამ ვფიქრობ, „არ დაიდარდოს“ მსმენელისთვისაც საინტერესო და კარგი მოსასმენი იქნება.

 

კლიპში რომელიმე ცნობილი გოგონა ხომ არ მონაწილეობს?


ერთი არა, ორი გოგონა მონაწილეობს (იღიმის), თუმცა ახალი სახეები, დეა აფციაური და მარიამ შარანგია, პიანისტ თათია შარანგიას და.

 

ალბომზეც ხომ არ ფიქრობთ?


ალბომის გამოსაცემადაც ვემზადები. ამის გამო ვერ მოვახერხე დასვენება. თბილისში ვიყავი და ალბომისთვის 14 სიმღერა ჩავწერე. ის დეკემბერში გამოიცემა, კლიპს, კი, რასაკვირველია, მანამდე იხილავთ. გადაღებებს ხუთ დღეში დავასრულებთ. მსმენელს ბევრ სიახლეს ვპირდები.

 

 

ნინო მურღულია