გადაცემის სტუმარი მომღერალი კახა კუხიანიძე იყო. შედგა მისი ახალი სიმღერის „It’s over“ პრემიერა.
– კახა, ბოლო პერიოდში შენმა მუსიკალურმა საქმიანობამ ერთგვარად „მიიძინა“. მოგვიყევი რას საქმიანობ ამჟამად?
– ამ ყველაფრის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ გარშემო ყველაფერი არის „ჩამკვდარი“. ბევრ მომღერალს აკლია სტიმული, რომ რაღაც გაკეთდეს. 10-15 წლის წინ ყველა რაღაცას ქმნიდა, მეც გაცილებით აქტიურად ვწერდი სიმღერებს, იყო კონკურენციის მომენტი, ამასთან ყველა ერთმანეთთან ვმეგობრობდით და კონკურენცია უბრალოდ გვეხმარებოდა, რომ ყველას საკუთარი თავი წარმოგვეჩინა. ამის მერე ყველაფერი გაჩერდა. იყვნენ კერძო ადამიანები, რომლებიც აწყობდნენ კონცერტებს და დარბაზებიც ივებოდა, ახლა ეს ადამიანებიც გაჩერდნენ და ყველაფერმა „მიიძინა“. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, გარშემო განვითარებული პოლიტიკური მოვლენებია.
– როგორ ფიქრობ, რაშია გამოსავალი?
– არის ასეთი იდეა: დაახლოებით ათი მომღერალი დავსხდეთ, გავაკეთოთ ათი სიმღერა, ათი კლიპი, გავაკეთოთ ტოპ-10-ეულები… თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა და ამის განხორცილებას ხელის შეწყობა უნდა, ამას მარტო მომღერალი ვერ გააკეთებს. ამ ყველაფერს სჭირდება პროდიუსერები, მარკეტინგის წარმომადგენლები და ა.შ. ეს იდეა რომ განხორციელდეს, შედარებით გამოცოცხლდება ეს სფერო.
– ბევრი მომღერლისგან განსხვავებით, შენ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გაქვს, თუნდაც შენი ძმის, გიგას მხარდაჭერა, თუნდაც ის, რომ საკუთარ ხმისჩამწერ სტუდიას ფლობ, მიუხედავად ამისა, მაინც პასიურობ …
– ყველას, ვინც არ მიცნობს, ვგონივარ ამ საკითხში ზარმაცი. თუმცა ჩემთვის მუსიკა ყველაფერზე წინ დგას, პირველია. მაგრამ იმდენად დატვირთულია ჩემი ძმა, რომ ფაქტობრივად, ჩემთვის ვერ იცლის. ორი უკიდურესობაა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ჩვენი ხმისჩამწერი სტუდია, მას არასოდეს სცალია, მირჩევია, მქონდეს ბვერი ფული და ამ ყველაფერში გადავიხადო. სხვათაშორის, ნინოზეც იგივე ფაქტორი მოქმედებს. მაგრამ ვცდილობ მაინც არ გავჩერდე და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო და ჩემს თავზე ვიმუშაო.
– ბევრი ქართველი მომღერალი მეზობელი ქვეყნებიდან შემოთავაზებებით „არსებობს“, შენ თუ გაქვს მსგავსი შემოთავაზება და თუ თანხმდები?
– კი, რა თქმა უნდა ვთანხმდები დიდი სიამოვნებით, რადგან მომღერალი ვარ და სადაც არ უნდა მიგიწვიონ, უნდა წახვიდე და გავაკეთო ჩემი საქმე, არ აქვს მნიშვნელობა თბილისი იქნება ეს თუ სხვა ადგილი, მთავარია, ემოცია გასცე. ძირითადად, მსგავსი შემოთავაზებები კორპორატიული საღამოებიდან მოდის, თუმცა ამ ყველაფერმაც მოიკლო წინა წლებთან შედარებით.
– რამდენად ძვირია შენი, როგორც მომღერლის დაქირავება?
– არასოდეს არ ვაფიქსირებ კონკრეტულ თანხას და არ მესმის მომღერლების, რომლებიც ასე იქცევიან. ყოველთვის ვითვალისიწინებ სიტუაციას და დამქირავებლის ფინანსურ მდგომარეობას. ძველ თანხებთან შედარებით, რა თქმა უნდა, დაკლებულია ჰონორარის ღირებულებაც. ასევე აქვს მნიშვნელობა, რა ღონისძიებაა – კერძო პირის დაკვეთაა თუ კომპანიის.
– გყავს თუ არა პროდიუსერი?
– პროდიუსერი დღეს საქართველოში არცერთ მომღერალს აღარ ჰყავს.
– ხომ არ თვლი, რომ გარკვეულწილად ამისი ბრალიც არის დღევანდელი მდგომარეობა?
– არა, რადგან პროდიუსერი მაშინ ამართლებდა, როცა ერთ დღეში ორი კონცერტი იყო ხოლმე დაგეგმლი. დღეს კი თუ პროდიუსერი აიყვანე, მას საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაუხადო, რადგან არაფერი აღარ ხდება.
– სიმღერა „It’s over“, რომელიც დღეს პირველად აჟღერდება, საკმაოდ პესიმისტური სახელწოდებისაა. რა ხდება ამ ეტაპზე შენს პირად ცხოვრებაში?
– ზოგადად, პესიმზმი არცერთ ასპარეზზე არ მიპყრობს, არც კარიერაში და არც პირადში. ყოველთვის ვიცი, რომ რაღაც რომ მთავრდება, მას აუცილებლად უკეთესი მოჰყვება. რაც შეეხება სიმღერას, უეცრად მოხდა მისი შექმნა. თრექი ეკუთვნის ჯორჯ მოლერს, მელოდია მე დავწერე, ტექსტიც და არანჟირებაც ჯორჯს ეკუთვნის. ვფიქრობ, რომ საინტერესო მიმდინარეობაა და გაამართლებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯორჯს.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ვასრულებ მუშაობას ერთ სიმღერაზე, რომელიც სულ მალე იქნება მზად. ასევე დაახლოებით სამი სიმღერა მზადების პროცესშია.
– გაქვს თუ არა გამოცემული ალბომი?
– ალბომი არ მაქვს და ვაპირებ ახალი სიმღერების კრებული გავაკეთო. ვფიქრობ ასევე ჩემი ძველი ჰიტის – „ალერსი მინდა“ ახლებური ვერსიის გაკეთებას, რადგან ის საკმაოდ პოპულარული იყო თავის დროზე. ბუნებრივია, ისიც შევა ჩემს ახალ დისკში. ხელი თუ შემეწყო, ალბათ უახლოეს თვეებში ამ საკითხვასც მოვაგვარებ. ალბომი მექნება, მაგრამ ისევ იქამდე მივდივარ – რა აზრი აქვს?
– საზღვარგარეთ წასვლაზე თუ გიფიქრია?
– მე იმდენად მიყვარს აქაურობა, ჩემი გარემო, მეგობრები, რომ სამუდამოდ წასვლაზე არასოდეს მიფიქრია, მითუმეტეს, რომ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება. ვფიქრობ, რომ დიდი ხანი გაჩერება სხვაგან ძალიან გამიჭირდება. ძალიან მაწუხებს ეს მდგომარეობა საქართველოში, მაგრამ სხვაგან თავიდან დაწყება ძალიან მერთულება. 2008 წელს მქონდა საკმაოდ კარგი შემოთავაზება მოსკოვიდან, ეს შემოთავაზებდა ჩემს კარიერას ძალიან წინ წასწევდა. თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ კონტრაქტი გაუქმნდა. სიმართლე რომ ვთქვა, მე თვითონაც აღარ წავიდოდი. ამის მერეც იყო შემოთავაზებები რუსეთიდან, თუმცა ნამდვილად არ მიმიწევს გული. იყო შემოთავაზება ამერიკიდანაც, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მარტომ ვერ შევძელი, თუმცა სახელმწიფო რომ ჩარეულიყო ამ საკითხში, ვფიქრობ მოგვარდებოდა. მაგრამ მარტო ფინანსური მხარის პრობლემა არ იყო, ბევრი დეტალია, რაზეც ვერ ვისაუბრებ.
– უცხოეთში საკმაოდ კარგად მიღებული საშუალებაა უკვე ჩამოყალიბებული მომღერლის ან სხვა სფეროს წარმომადგენლის ამ თუ იმ პროექტში მიწვევა. საქართველოშიც გარკვეულწილად მისდევენ ამ გზას, თუმცა შენ დიდი ხანია არსად გამოჩენილხარ…
– მე ეკრანზე გამოჩენის პრობლემა არ მაქვს, თუმცა შემოთავაზებაც არ ყოფილა არსაიდან. არ ვიცი, რისი ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ის ვიცი, რომ ამგვარ შემოთავზებებზე სიამოვნებით დავთანხმდები. ერთადერთი გამონაკლისია პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რადგან როდესაც რაღაცას ვაკეთებ, მინდა სრულყოფილად შევასრულო. ერთი და იგივე სახეებიც საკმაოდ მოსაბეზრებელია, უნდა ხდებოდეს ახალი ადამიანებით ჩანაცვლება. სწორედ ამიტომ არ ვქმნი აქტიურად ახალს, სტიმული არ მაქვს, თუმცა ამაზე ხშირად არ ვფიქრობ. არ მინდა ნეგატივების დაგროვება.
– წარმატებებს გისურვებ.
