LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევითი პროფესია და სცენა, რომელსაც გიორგი ვარდოსანიძე ვერასოდეს ითამაშებს

გადაცემის სტუმარი მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე იყო, საუბარი მის შემოქმედებას, კარიერას, ოჯახსა და მის ირგვლივ არსებულ ჭორებს შეეხო.

 

– რატომ გადაწყვიტე მსახიობი გამხდარიყავი?
– სასაცილო პასუხი მაქვს, არც გადამიწყვეტია, შემთხვევით ვარ თეატრალურში მოხვედრილი, იმ ინტერესით, რომ ყველაზე კარგი სტუდენტობა თეატრალურში არის და ეს მართლაც ასეა. შემდეგ, როგორც იტყვიან სცენის მტვერი შევისუნთქე და მოვიწამლე. პირველი შეხება თეატრთან სწორედ ბავშვობაში მქონდა, პიონერთა სასახლეში სპექტაკლებს ვთამაშობდი, მაგრამ არასოდეს არ მიფიქრია რომ მსახიობი გავხდებოდი. თავიდან მშობლების ხათრით, სკოლის დამთავრების შემდეგ, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ არც კი მივსულვარ ლექციებზე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემთან არაფერ შუაში იყო. ერთი წელი უსაქმურად გავატარე, ჩემს ძმაკაცთან ერთად, რომელიც იგივე სიტუაციაში იყო. შემდეგ მისივე ინიციატივით გადავწყვიტეთ თეატრალურში მისვლა, გავიგეთ მისამართი, ვიპოვეთ, შევედით მშვენიერი გოგოები დადიოდნენ, გიტარა, გართობა. 4 თვე იყო დარჩენილი მისაღებ გამოცდებამდე, მე იმ დროს ლავიწი მოვიტეხე და ამიტომ დაახლოებით 2 თვე ვემზადებოდი და რაოდენ გასაკვირიც არუნდა იყოს ორივე უმაღლესი ქულებით მოვხვდით. მახსოვს ჩემი დაბადების დღე, 26 ივნისი იყო როდესაც ქულები გავიგეთ.

 

– მშობლებმა რა გითხრეს?
 – ინერვიულეს, რადგან თავიდან არასერიოზულად ვუდგებოდი ამ ყველაფერს, მითხრეს, რომ გამართლება სხვა რაღაცეებზეა დამოკიდებული და შეიძლება ბევრ რამეზე გული დამწყვეტოდა. მე ვამბობდი, რომ  ყველაფერი კარგად იქნება და ისე აგიხდეს ყველაფერი, იმიტომ, რომ პირველ სემესტრშივე მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც მაინტერესებდა. დავიწყე იმ დანაკლისის ანაზღაურება, რომელიც მქონდა ამ მიმართულებით, ჩავუჯექი ლიტერატურას. პარალელურად მუსიკისა და დრამის თეატრთან მქონდა შეხება, ცეკვით, აჩიკო სოლოღაშვილის ქორეოგრაფიული ჯგუფში ვცეკვავდი. მეორე კურსზე კი მოულოდნელად დასჭირდათ ჩემი ასაკის მსახიობი ბიჭი, მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლში „ბედნიერი ერი“, რომელიც გახდა კიდეც ჩემი პირველი სპექტაკლი. შემდეგ იყო არჩილ სოლოღაშვილის ქორეოგრაფიული სპექტაკლი, „მარტოობის დღესასწაული“, მესამე სპექტაკლი  დოის  „საშობაო ზღაპარი“ იყო და ამ სპექტაკლის პრემიერის შემდეგ უკვე დოიმ ამიყვანა დასში. გავიზარდე მუსკომედიის თეატრში, მერვე წელია იქ ვარ.

 

– შენს კარიერაში ასევე იყო ტელევიზია, იქაც განსხვავებულად მოხვდი?
– როდესაც თეატრში ვიყავი, მეშინოდა ტელევიზიაში მოხვედრის. ისევ მეგობრების თხოვნით მივედი ქასთინგზე, ტელეკომპანია ”იმედში”. ქასთინგიდან ერთი თვის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ მეორე ტურში გადავედი, მეორე ტურიდან უკვე მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ დამამტკიცეს როლზე სერიალში „უშნო ბეტი“. პირველი ერთი თვე იყო ჯოჯოხეთი, რადგან კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ნელ ნელა მოვერგე. პირველი ბიძგი პოპულარობის იყო ხომერიკის პერსონაჟი, მაშინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ძალიან საინტერესო როლი იყო, რადგან მუდმივად იცვლიდა სახეებს.  ძალიან მადლიერი ვარ ამ სერიალის.

 

– როდესაც გთავაზობენ როლს, არ გაქვს ხოლმე პრეტენზია პერსონაჟთან დაკავშირებით და რამდენ ფილმში ხარ გადაღებული?
– სულ გადაღებული ვარ რვა სრულმეტრაჟიან და ორ მოკლემეტრაჟიან ფილმში.  სიამოვნებით ვითამაშებ კიდევ ერთხელ, ვთქვათ, გეის როლს, მაგრამ თუ იქნება კომედია. შეიძლება კომპლექსია, მაგრამ ვერ ვითამაშებ სპეციფიურ სცენებს, რაც შეიძლება ამ ორიეტაციას ახლდეს. ცუდი გამომივა. საერთოდ არ არსებობს ცუდი როლები ჩემთვის, პედოფილსაც ვითამაშებ სიამოვნებით.  ყოფილა შემთხვევა რომ მითქვამს უარი როლზე, არ დავასახელებ რაზეა საუბარი, ვიცოდი რომ გავაფუჭებდი და არ დავთანხმდი.

 

– როგორი სამუშაო ფონი აქვთ დღეს მსახიობებს?
– ფონი, რა თქმა უნდა, ცუდია, სამუშაო აქვთ, მაგრამ უმჯობესია ბევრად მეტი იყოს. არის პროგრესი რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. სიახლეები არის კინოში, მაყურებელი უბრუნდება თეატრს. ვცდილობთ ფეხდაფეხ მივყვეთ მსოფლიო სტანდარტებს. მჯერა, რომ ოდესღაც, უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი.

 

– შენი აზრით, პროფესიულად წინ მიდიხარ?
– ვთვლი, ჩემი ასაკისთვის და გაქანებისთვის ალბათ ნორმალურად ვიმუშავე, მომეცა მუშაობის შესაძლებლობა და რაღაცა შედეგი დავდე. 5 წელიწადში მინდა რომ ხუთი ამდენი მქონდეს გაკეთებული. მადლობა ღმერთს დღეს ჩემით ინტერესდებიან და ღმერთმა ქნას ეს ასე გაგრძელდეს. ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო, მიდგომა მაქვს ისეთი რომ მაქსიმუმი უნდა ჩავდო ყველა საქმეში.

 

– შენ ხარ გადაცემის „გააცინე და მოიგე“ წამყვანი, კომფორტულად გრძნობ თავს ამ ამპლუაში?
– ვგიჟდები ამ გადაცემაზე, სახალხო და პოზიტიური პროექტია, პენსიონერების იმედია, შეუძლიათ მოვიდნენ გააცინონ ხალხი და 5 წუთში მოიგონ 1000 ლარი, რაც 5 თვის პენსიაა. მაქვს სრული თავისუფლება, რაც ძალიან კომფორტულია, მაქვს იმპროვიზაციის საშუალება. ვთვლი რომ იუმორი, რითიც ვცხოვრობთ ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემაში ამ ზაფხულს  სიახლეების შეტანა იგეგმება, ასე რომ არ გამოტოვოთ!

 

– რაც შეეხება პროექტს „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რატომ გადაგდი ეს სარისკო ნაბიჯი?
– პრიზი იყო გადასარევი, ახალი გამოცდილება იყო, ძალიან მაინტერესებდა რას შევძლებდი.  მაგრამ თავიდანვე მეორე პრიზი უფრო მაინტერესებდა, ყველამ იცის რომ ეგ გეზი მქონდა აღებული, სახლი არ მინდოდა…
 

– სალომე…
– სალომე ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” არ გამიცვნია, 1 წლით ადრე ვიცნობდი, „ვერის უბნის მელოდიებიდან“, ძალიან მაგარი შოუ გავაკეთეთ და მანდვე გავიგეთ, რომ ერთად გვიწევდა პროექტში ცეკვა. მაშინ შეყვარებული მყავდა. სალომესთან უბრალო ურთიერთობა მქონდა, ძალიან უბრალო და მეგობრული ტიპი იყო და ამას ვაფასებდი მასში, ალბათ ეს გახდა ჩვენი დაახლოების მიზეზი და საბოლოოდ ოჯახი შევქმენით.

 

– შენ შეყვარებულს დაშორდი და მერე მოხდა სალომესთან ყველაფერი?
– კი, რათქმაუნდა, მე პარალელური ურთიერთობები არ მიყვარს, სხვისი მეზიზღება, მიუღებელია ჩემთვის. ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ბევრი მამართლებინეს თავი, არადა სამართლებელი არაფერი იყო.  ჩემი ურთიერთობა თამთასთან დამთავრდა პროექტის შემდეგ და ჩემი და სალომეს ურთიერთობა „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ 6 თვის შემდეგ დაიწყო. დღეს თამთას ოჯახი ყავს, ვიცნობ მის ქმარს, ძალიან დადებითი ადამიანიები არიან ორივე და მთელი გულით ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ და მხოლოდ კარგი მინდა მათთვის.

 

– მართალია რომ 170 000 ლარი გაქვს ვალი?
– კი მართალია, ბინა ვიყიდე, ხშირად მეკითხებიან როგორ გძინავს ღამეო და ვპასუხობ, რომ გულის მხარეს არ ვწვებითქო. ეს ის ბინაა სადაც მე და სალომე ვცხოვრობთ, მოვაწყვეთ ჩვენს გემოზე და ვარ ბედნიერი.  

 

– სიურპრიზებს თუ უკეთებ სალომეს?
– სიურპრიზები მიყვარს, მაგრამ წინასწარ არ ვგეგმავ, სპონტანურად მომდის იდეები, ზოგჯერ საყვარელ ადგილებს ვსტუმრობთ. 

 

– წარმატებებს და ბევრ კარგ როლს გისურვებ.
– ძალიან ვისიამოვნე, ვთვლი რომ ”ფორტუნა პლუსმა” საინტერესო 1 საათი მაჩუქა რისთვისაც დიდი მადლობა.