LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა ჯაფარიძე: როგორც ყველა, ვგეგმავ საქართველოდან წასვლას

გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი მომღერალი გვანცა ჯაფარიძე იყო. საუბარი მისი შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების გარშემო წარიმართა.

– საზოგადოებამ ორი სატელევიზო პროექტით გაგიცნო…
– ერთი იყო „ახალი ხმა“, რომელშიც ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, მეორე იყო „საქართველოს ვარსკვლავი“ , სადაც თითქმის ფინალამდე მივაღწიე, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

– თავიდანვე რატომ გადაწყვიტე სიმღერა?
– ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ეს მინდოდა, აბსოლუტურად სხვა პროფილით მივდიოდი, სხვა გატაცებები მქონდა, ეს იყო სამოდელო კარიერა, რომლითაც საკმაოდ აქტიურად ვიყავი დაკავებული.

– რამ გიბიძგა მუსიკისკენ?
– პროექტებმა. ძალიან მიზიდავს პროექტები და იმიტომაც ვმონაწილეობ მათში.

– გარდა სიმღერისა, ძალიან აქტიურად ხარ ჩართული სპორტში…
– დიახ, მე ვარ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტში და შემაქვს ჩემი მცირე წვლილი ამ ისტორიულ პროცესში.

– რაც შეეხება პროექტების შემდეგ, რას საქმიანობ?
– ვმღერი კლუბებში, იმიტომ, რომ ყველას კარგად მოეხსენება, რომ სხვა გამოსავალი არ არის. მყავდა მენეჯერი, კახაბერ ხოშტარია, რომელმაც ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა, იმ მხრივ, რომ მაპოვნინა ჩემი ჟანრი, რაშიც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და ზუსტად ვიცი, რომ სხვა ჟანრს არასოდეს შევეჭიდები. დიდი ხნის მანძილზე ვთანამშრომლობდი ცოცხალ ბენდთან, რაც ძალიან დიდი გამოცდილებაა.

– რაც შეეხება საბა ფრუიძეს, რომელიც შენი ახალი სიმღერის შექმნაში მონაწილეობდა, როგორ მიხვედით ამ შეთანხმებამდე?
– საბა არის ჩემი შეყვარებულის ახლო მეგობარი და სწორედ მან შემომთავაზა დუეტის ჩაწერა, რადგან იცოდა საბას ნიჭიერების ამბავი. მოვუსმინე საბას შემოქმედებას და  სიხარულით დავთანხმდი ამ იდეას და საბოლოოდ გამოვიდა ეს სიმღერა „Flashbacks”.  ტექსტი ეკუთვნის თამუნა მორჩილაძეს და ის ძალიან მოუხდა მუსიკას, რომელიც უკვე შექმნილი იყო საბას მიერ. დემო ვერსია დაბალი ხარისხის აპარატურით ჩავწერეთ, მაგრამ ხასიათი და განწყობა იმ ნამღერში უფრო იყო, ვიდრე შემდეგ, როდესაც მაღალხარისხიან სტუდიაში ვიმუშავეთ. ასე რომ კლიპს ადევს პირველი ვერსია.

– რაც შეეხება კლიპს…
– კლიპის რეჟისორია გიორგი ქობალია, მასთან ერთად კიდევ ბევრი ხალხი იყო ჩართული და დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.

– აპირებთ თუ არა თანამშრომლობას კვლავ შენ და საბა?
– კი აუცილებლად, გვაქვს ჩანაფიქრი. ასევე ვიტყვი იმასაც, რომ ვისწავლე პროგრამა Abelton live და ვაპირებ თავადაც შევქმნა მუსიკა, ამ ეტაპზე დროის დეფიციტის გამო ვერ ავხერხებ  ამ ყველაფრის თავმოყრას.

– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– რადგანაც ახლა ძალიან დატვირთულ რეჟიმში ვარ ოლიმპიადის გამო, ჯერ-ჯერობით ვერაფერს სხვას ვერ ვახერხებ, როდესაც ყველაფერი ჩაივლის და დაწყნარდება, როგორც ყველა, ვგეგმავ საქართველოდან წასვლას, მინდა მივიღო გამოცდილება და ეს გამოცდილება ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ვფიქრობ ევროპაში წასვლას და მუსიკალური განათლების მიღებას.

– თბილისში არსებულ ხმისჩამწერ სტუდიებთან თუ გითანამშრომლია?
– „ბრავო რეკორდსთან“ მქონია შეხება, რამდენიმე სიმღერა მაქვს ჩაწერილი, ოღონდ არა ჩემი პროფილით, სამსახურიდან გამომდინარე, ეს იყო მძლეოსნობის ოფიციალური ჰიმნი, კონკრეტულად ჩემს სოლო სიმღერაზე არ მიმუშავია. ბერლინში მაქვს ჩაწერილი მძლეოსნობის ჰიმნის ინგლისური ვერსია, ბესიკ შპეტიშვილთან, რომერლმაც იგივე მუსიკა უფრო გაამრავალფეროვნა.

– წარმატებებს გისურვებ.