25-30 აგვისტოს ბათუმში პროექტი „ჰით ბათუმი“ კლასიკური მუსიკის დღეებს წარმოადგენს. ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ დღეს დაიწყება და 30 აგვისტომდე გასტანს. კონცერტები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება.
„ღამის სერენადებში“ ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილ კამერულ ანსამბლ „ვირტუოზებთან“ ერთად მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები მიიღებენ მონაწილეობას. ზღვისპირა ქალაქს ესტუმრება I’CULTURE Orchestra, რომელიც სხვადასხვა სიმფონიური ორკესტრის წარმომადგენელს აერთიანებს. მსოფლიო ორკესტრი 26 აგვისტოს, საღამოს რვა საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დიდი შემადგენლობით დაუკრავს. სხვა ცნობილ სოლისტებთან ერთად, ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილიც გამოვა.
„ღამის სერენადებს“ ბათუმი უკვე მეშვიდედ მასპინძლობს. აღსანიშნავია სიახლე, რომელიც წლევანდელ ფესტივალს უკავშირდება, კერძოდ, კონცერტები არა მხოლოდ ბათუმში, არამედ თბილისშიც გაიმართება 2,3,4 სექტემბერს.
კონცერტებიდან შესული თანხა „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ 22 წლამდე ონკოლოგიური პაციენტებისთვის გადაირიცხება. წელს პირველად, გამოიცემა საფესტივალო ჩანაწერების კომპაქტ-დისკი, რომლის პრეზენტაციაც კვირეულის ფარგლებში შედგება.
