ზუსტად 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „სახემ“ „წვიმად გადავიქეცი“ Poetry’n’Motion-თან ერთად ჩაწერა და თბილისში კონცერტი გამართა. წელს კი, მათი ერთობლივი კონცერტი, ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, კლუბ Take Five-ში, 30 აგვისტოს გაიმართა. წვიმის გამო, ჩოგბურთის კორტებზე გასამართმა ღონისძიებამ კლუბში გადაინაცვლა, რომელმაც, რასაკვირველია, ბევრად ნაკლები ხალხი დაიტია, ვიდრე კორტებმა, თუმცა „სახის“ წევრი, დათო ფორჩხიძე იმედოვნებს, რომ შეძლებენ, ეს კონცერტი მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე გაიმეორონ.
დათო ფორჩხიძე:
„სახიდან“ მე და დათო ხუჯაძე ვიყავით, Poetry’n’Motion–შიც ცვლილებაა, ერთი წევრი აკლდათ, სამაგიეროდ, ახალი ვოკალისტი ჰყავთ და უკვე აღარ არის მხოლოდ რეპ-ჯგუფი. მათი ერთ-ერთი წევრი, მაიკლი, დანარჩენებს უყვებოდა ჩვენ შესახებ, როგორც ლეგენდარულ ჯგუფზე, საქართველოში „არ’ენ’ბი რომ ააღორძინა. ჯგუფის წევრებს ისე მოეწონათ ბათუმი, დარჩენა უნდოდათ რამდენიმე დღით, მაგრამ ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდა.
თავად კონცერტმა როგორ ჩაიარა?
წვიმის გამო კლუბში გადავინაცვლეთ, რომელიც სულ სავსე იყო. კონცერტი უფასო გახლდათ და „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში გაიმართა. არაერთხელ შემიმჩნევია და ახლაც ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაესწრო და ჩვენი სიმღერები ნახევრად თავად შეასრულეს, ყველა ზეპირად იცოდნენ. 9 სიმღერა შევასრულეთ, მათ შორის, ორი, „წვიმად გადავიქეცი“ და „შენ რა სექსი ხარ“ Poetry’n’Motion–თან ერთად. საინტერესო იყო, რომ მათთან ერთად გავრეპე და უხერხულობა სულაც არ მიგრძნია, ხალხსაც ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა ჩვენს ერთობლივ გარეპვაზე. ამ კონცერტით ყველა ბედნიერი დარჩა.
ძველ სიმღერებს ბენდთან ერთად ვასრულებდით და უცხოელი მუსიკოსები გაკვირვებულები იყვნენ, როცა ვუთხარით, რომ ეს სიმღერები 15-16 წლის წინ შეიქმნა. იმ დროს იწერებოდა ასეთი თანამედროვე მუსიკა საქართველოში. საკუთარ თავს ვიქებ, მაგრამ მგონი, დღეს ყველა ასე აკეთებს (იცინის).
16 წლის მერე როგორი შეხვედრა გქონდათ?
ძალიან ამაღელვებელი. მაიკლს თურმე უკვე 56 წელი შეუსრულდა, მაგრამ ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა. მერე ტელეფონში ჩვენი ერთობლივი ფოტო გვაჩვენა. ისედაც ვიცოდით, რომ ჩვენ დავბერდით, მაგრამ ამ ფოტოდან ისიც ვნახეთ, რომ ისინიც დაბერებულან (იცინის).
გვაქვს გეგმები. მინდა, ახალი სიმღერა დავწერო, მათ გავუგზავნო და ერთად ჩავწეროთ დუეტი. შემდეგ კი თბილისში კონცერტი გავმართოთ.
ამ სიმღერას „სახის“ მთლიანი შემადგენლობა ჩაწერს, თუ გოგა ხაჩიძის გარეშე იქნებით აქაც?
გოგა ჩემი ბავშვის ნათლია და ძალიან ახლო მეგობარია. მეც ძალიან მინდა, რომ ის ჩვენთან ერთად იყოს და დარწმუნებული ვარ, თავადაც ძალიან მოეწონებოდა, ამ კონცერტზე ჩვენთან ერთად რომ გამოსულიყო. არა მგონია, რომ მის პოლიტიკურ კარიერას ამან ზიანი მიაყენოს, მაგრამ ვერ გადაწყვიტა. სინდისის ქენჯნას იმით ვიმსუბუქებ, რომ ყოველთვის მიდვივარ მასთან და ჩვენთან ერთად გამოსვლას ვთავაზობ. ახლაც ასე იყო. ვფიქრობ, რომ შემდეგ კონცერტზე აუცილებლად ერთად გამოვალთ, რადგან ეს სამივეს ამბავია. იმედია, რომ გოგა შემდეგი კონცერტისთვის მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას.
ნინო მურღულია
