ჯაზმუსიკოსები, მაია ბარათაშვილი და ზაზა მარჯანიშვილი რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობენ. შარშან ბათუმში დიდი კონცერტი ჰქონდათ, წელს კი, 11 სექტემბერს, საღამოს რვა საათზე,ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის არტ-კაფეში სალონურ საღამოს გამართავენ, რომელსაც ინტერაქტიული ხასიათი ექნება.
მაია ბარათაშვილი:
მე და ზაზა მარჯანიშვილს ერთობლივად უამრავ ღონისძიებაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ვფიქრობ, ბათუმში ჩვენი სალონური საღამო განსხვავებული და ძალიან საინტერესო გამოვა, რადგან მას ინტერაქტიული ხასიათი და ინტერვიუს სახე ექნება.
მაყურებელს შევთავაზებთ არა მხოლოდ მუსიკალურ პროგრამას და რეპერტუარზე მოგვიანებით მოგახსენებთ, არამედ ჩემი და ზაზას მრავალწლიანი მუსიკალური გამოცდილებიდან საინტერესო ამბებს, რომლებმაც ჩვენი კარიერის განვითარებაში ან ჯაზის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
სალონური შეხვედრები მეცხრამეტე საუკუნეში იმართებოდა და ძალიან მომწონს ეს ტრადიცია. ანიტა რაჭველიშვილი მართავს ხოლმე სალონურ კონცერტებს, რასაც მივესალმები.
რეპერტუარის შესახებაც გვითხარით რამდენიმე სიტყვა…
შევასრულებთ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, ახალი ორლეანის პერიოდიდან მოყოლებული, ჯაზის მიმართულებით სხვადასხვა ტრენდს წარმოვადგენთ. ზაზა მარჯანიშვილი ოცი წელი სწორედ ახალ ორლეანში ცხოვრობდა, მეც ძალიან ხშირად მიმუშავია ამერიკაში და მქონია გამოსვლები. მოკლედ, ჩვენი მიერ „აღმოჩენილი“ ამერიკის შესახებ მოვუყვებით მსმენელს.
მცირე ხნის წინ მექსიკაში გახლდით და მსურს, რეპერტუარში შევიტანო კონსუელო ველასკესის „ბესამე მუჩოც“. გარდა ამისა, ვფიქრობ ქართული სიმღერის შესრულებასაც, თუმცა ამას ჯერ ვერ გაგიმხელთ (იღიმის).
11 სექტემბერს იმართება თქვენი კონცერტი…
დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში და ზოგადად, მსოფლიოსთვისაც. კონცერტის დევიზია „არა ტერორს“.
თქვენ და ზაზა ალბომის ჩაწერასაც ხომ არ გეგმავთ?
ამაზე გვიფიქრია. გვაქვს საინტერესო იდეები, რომელთა შესახებაც მოგვიანებით აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას.
ნინო მურღულია
