LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღინიშნა „ბათუმობა“ – ვირტუალური მოგზაურობა მთიან აჭარაში

Ardaidardo.Ge5-6- სექტემბერს „ბათუმობის“ ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები გაიმართა, რომლებიც ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარზე გახლდათ მორგებული. ამ ორი დღის განმავლობაში დუმბაძისა მემედ აბაშიძის ქუჩები საგანგებოდ მორთეს, სადაც სასულე ორკესტრის მსვლელობა, პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენები, სამეჯლისო ცეკვები გაიმართა. ასევე ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა მოეწყო.

 

ევროპის მოედანზე ჩატარდა ფესტივალი “განდაგანა”, რომლის  ძირითადი თემატიკა გახლდათ აჭარული სოფელი. ქუჩების შესასვლელი მოეწყო ისე, როგორც აჭარულ სოფლებშია. მთლიანი ტერიტორია კი სოფლის ერთი დიდი ეზო იყო, ხის ორღობეებითა და სოფელთან ასოცირებული სხვადასხვა დეკორაციის გამოყენებით.

ფესტივალი მუსიკალურად ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა  გააფორმეს. საღამოს კი ღონისძიებას ადგილობრივი ეთნო-ჯაზ, ეთნო-როკ და პოპბენდები შეუერთდნენ. გაიმართა თამაშობები და თემატური შეჯიბრებები: მაგალითად, შეჯიბრი სიმინდის სწრაფად დარჩევაში, ბაგირის გადაწევაში და ასე შემდეგ. ჩატარდა მასტერკლასები: მონაწილეებმა შეძლეს  ყველის ამოყვანა, თათარას გაკეთება და ჩურჩხელის ამოვლება. ერთი სიტყვით, სტუმრებს ქალაქიდან გაუსვლელად  შესაძლებლობა მიეცათ, მთიან აჭარაში ემოგზაურათ.

ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა საპატიო ბათუმელებიც  დაასახელა: მუსიკოსი ლაშა ღლონტი, ექიმი ავთანდილ დიასამიძე, სპორტსმენი გია ჯორბენაძე, პედაგოგი დალი ჭილიძე, არქიტეტქორი ელგუჯა ცივაძე და არქეოლოგი ამირან კახიძე. დაჯილდოვების ცერემონიალი მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, სადაც ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, პროექტი „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ წარმოადგინა. რამდენიმე სიმღერა, ორკესტრის თანხლებით, მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა შეასრულა.

ორი დღის განმავლობაში ანბანის კოშკის მიმდებარედ ფლამენკოს  ცნობილმა ანდალუზიელმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ხოსე კანდელამ სპეციალური შოუ გამართა. ანბანის კოშკთან სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით უფასო კონცერტები გაიმართა.