7 სექტემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-13 დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში გაიმართა.
ცნობილი გახდა 9 ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა, ვინაიდან ჟიურიმ საუკეთესო პიესის ავტორი წელს ვერ გამოავლინა, სამაგიეროდ, საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ორი პრემია გაიცა, რომლებიც გადაეცათ ხათუნა ცხადაძეს უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაოსთვის“ („დიოგენე“) და ლელა დუმბაძეს ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს – საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის ჯილდო დაიმსახურა გიორგი წიკლაურმა პიტერ აკროიდის „ლონდონისთვის“ (გამომცემლობა „აზრი“).
ჟიურიმ საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკისთვის პრემია მალხაზ ხარბედიას გადასცა, წიგნისთვის „ტექსტი და სიმართლე“ (გამომცემლობა „აზრი“).
საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
საუკეთესო პროზაული კრებული – გოგი ჩაგელიშვილი, „მხატვარი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).
საუკეთესო პოეტური კრებული – პაატა შამუგია, „შიზოგადოება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).
საუკეთესო რომანი – აბო იაშაღაშვილი, „როიალ მერი“ (გამომცემლობა „დიოგენე“).
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – ქრისტიანე ლიხტენფელდი, ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისთვის.
დაბოლოს, გაიცა პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც ბესიკ ხარანაულმა მიიღო.
ყოველწლიური პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა, მისი მიზანი წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა. წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ავტორის 315 წიგნი. ჟიურიმ 46 მათგანი ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია და მათგან გამარჯვებულები გამოავლინა.
