19 სექტემბერს სიღნაღი „არტპალასის“ ორგანიზებით ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას პირველად უმასპინძლებს. პროექტის სახელწოდებაა „არტგურმანი“ და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ტრადიციული, ისე თანამედროვე კომპანიების ინოვაციური ნაწარმი. ამ პროექტში ჩართული არიან ქართული ღვინის კომპანიები, ლუდის მწარმოებელი კომპანიები, დამსწრეებს საშუალება ექნებათ, ნახონ წვენებისა და დაკონსერვებული პროდუქციის, ყველის, თაფლის, ჩირისა და ჩურჩხელას ფართო ასორტიმენტი. რასაკვირველია, შესაძლებელი იქნება დეგუსტაციაც.
გამოფენა-გაყიდვას აქვს მუსიკალური ნაწილიც, კახეთიდან ფოლკლორული ანსამბლები თავიანთ რეპერტუარს წარადგენენ. ღვინის ეროვნული სააგენტო კი ფოტოარქივს გამოფენს.
„არტგურმანის“ მხარდამჭერები არიან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.
