ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ნუკრი მჭედლიშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც გია ჯაჯანიძე და მისი გადაცემის სტუმრები ხევსურული სიწმინდეების შელახვაში დაადანაშაულა და „სხვა რაკურსს“ უმსგავსობაში დასდო ბრალი.
როგორც ნუკრი მჭედლიშვილი აღნიშნავს: „დიდი ტკივილი მიაყენა წლევანდელმა შატილობამ ხევსურეთსა და ხევსურებს. მიუხედავად იმისა, რომ მთას უკვე აღარ უკვირს ბარიდან მოსული სტუმრების მიერ სალოცავების წაბილწვა, წლევანდელ შატილობას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსმა“ და გია ჯაჯანიძემ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს…“
გია ჯაჯანიძე ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. მან ჩვენს საიტთან ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.
გია ჯაჯანიძე:
ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ ხევსურეთში დიდი პატივისცემით ჩავედით მხოლოდ იმ მიზნით, რომ მთელ საქართველოს და მსოფლიოს ენახა ხევსურეთი. მოკრძალებით ჩავედით. ახალგაზრდებმა თუ მუსიკა ჩართეს და იცეკვეს, არა მგონია, ეს დანაშაული იყოს. არ ვიცოდი, რომ ცეკვა აღვირახსნილობა იყო.
გია, იქნებ, თამო ვაშალომიძის თამამმა დეკოლტემ გააღიზიანა ხევსურები?
მე არ ვარ თამუნა ვაშალომიძის კოსტიუმების მხატვარი, რაც უნდოდა, ის ჩაიცვა. არაფერი ისეთი მის ჩაცმულობაში არ ყოფილა. ამ გამოხმაურებით გაოცებული დავრჩი. ტრადიციული ხმალაობა ვაჩვენეთ, გადავიღეთ შატილობა, პირიქით გვინდოდა გამოგვსვლოდა, მთის მიმართ დიდი მოწიწებით ვარ განწყობილი.
ჩემი მხრიდან თუკი ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხევსურეთში ჩავედით უნიკალური ნაგებობების საჩვენებლად, პირველ რიგში, ტურისტებისთვის. გვინდოდა, ენახათ, რა სიმდიდრე გვაქვს…
ნინო მურღულია
