LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილის სოლოკონცერტი „ბერმუხაში“ გაიმართება – ვგეგმავ ფილარმონიაში კონცერტს…“

Ardaidardo.Ge2 ოქტომბერს, რესტორან „ბერმუხაში“ (აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 გზატკეცილი), საღამოს რვა საათზე,  ნატო გელაშვილი სოლოკონცერტს გამართავს. მონატრებული მსმენელის წინაშე კომპოზიტორი და შემსრულებელი საათნახევრიანი რეპერტუარით წარდგება. მასთან ერთად გიო ხუციშვილიც გამოვა და  დუეტებს შეასრულებს. ერთი პერსონა 30 ლარი ჯდება, თუმცა ეს მხოლოდ ბილეთის ფასი არ არის, შეგიძლიათ, რესტორნის მენიუდან ამ თანხის შესაბამისი რამ აარჩიოთ. ნატო გელაშვილის გამოსვლის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს ანსამბლ „ბერმუხას“.


ნატო გელაშვილს თბილისში სოლოკონცერტი ნახევარი წელი არ ჰქონია. კომპოზიტორს დეტალებისთვის დავუკავშირდით.

 

ნატო გელაშვილი:

 

ჩემი სოლოსაღამო, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, თბილისში რესტორან „ბერმუხაში“ იმართება. თბილისში კონცერტები არ მქონია, მაგრამ მთელი ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა.

 

ანუ იყო კონცერტები?

საკმაო რაოდენობით, ქალაქგარეთ. უფლის წყალობით, ამას არ ვუჩივი. რასაკვირვბელია, ადრინდელს ვერც შევადარებ, თუმცა როგორც ჩანს, მსმენელს არ ვავიწყდები. ჩემი კონცერტის ორგანიზატორი თავად არ ვარ ხოლმე, სხვები აკეთებენ.

 

უფრო დიდ სივრცეში ხომ არ აპირებთ კონცერტს?

ახლა ალბომზე ვმუშაობ. ჯერჯერობით არ დამისათაურებია. აუცილებლად შევიტან ექვს სრულიად ახალ სიმღერას, რომლებიც არსად მოგისმენიათ. თუმცა ასევე იქნება ძველი სიმღერები, რომლებიც არც ერთ ალბომში არ შესულა. ვფიქრობ, იანვარში, თუკი რაიმემ არ შემიშალა ხელი, ალბომს დავასრულებ და შემდეგ ფილარმონიაში სოლოკონცერტს გავმართავ.

 

ნინო მურღულია