გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ანსამბლი ”დეკა” და მისი ხელმძღვანელი დავით რატიანი ესტუმრნენ.
– ბატონო დავით, რამდენი ადამიანია თქვენს ანსამბლში?
– ამჟამად ანსამბლში არის 14 გოგონა. ყველა მათგანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. მომავალი ექიმები, რომლებიც არაჩვეულებრივად მღერიან. ზოგადად ანსამბლი 4 წლის წინ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ უამრავი თაობა შეიცვალა. უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგონებმა ხალხურ საკრავებზე დაკვრა აქ ისწავლეს და დღეისათვის მართლაც რომ მრავალფეროვან მუსიკას ვქმნით.
– თქვენ მართლაც დიდი მუსიკალური წარსული გაქვთ. საინტერესოა, რატომ აირჩიეთ ანსამბლის შესაქმნელად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები?
– სიმართლე გითხრათ, არ ამირჩევია. გეტყვით, რომ 1985 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ანსამბლი ”ფოლკლორი”, რომელიც აგერ უკვე 30 წელს ითვლის. ის ბატონმა ბადრი მაჭავარიანმა ჩამოაყალიბა. მასთან ერთად არსებობდა ვაჟთა ვოკალური ანსამბლიც, რომლის წევრი მეც გახლდით. შემდეგ ბატონმა ბადრიმ ხალხურ საკრავთა სპეციალისტად მისვლა მთხოვა. ძირითადად ვაჟების ანსამბლები არსებობდნენ და გადავწყვიტეთ, რომ გოგონებისგანაც უნდა შექმნილიყო ანსამბლი.
– და ვაჟთა ანსამბლი ამჟამად ფუნქციონირებს?
– კი, ის არსებობს. იყო პერიოდი, როცა ვაჟთა და ქალთა ანსამბლები გაერთიანებულად ფუნქციონირებდნენ. მას პაატა ცეცხლაძე ხელმძღვანელობდა. შემდეგ, რატომღაც დაიშალა და დღეს ქალთა და ვაჟთა ანსამბლები ცალ-ცალკე მოღვაწეობენ.
– ალბათ ყველას აინტერესებს, თუ რატომ დაარქვით ანსამბლს ”დეკა”.
– ჩვენს ანსამბლში გაბიდაური, წიკლაური, ზვიადაური მოღვაწეობენ. დეკა კი როგორც მოგეხსენებათ მთის ძალიან ლამაზი ყვავილია. ჩემი გოგონებიც ძალიან ლამაზები არიან. თითოეულს დეკას ფურცლებს ვეძახი. ამიტომ ჩვენი ემბლემა დეკა გახდა.
– ბატონო დავით, გაგვაცანით ანსამბლის წევრები..
– ამჟამად წარმოდგენილები არიან : მზია ქრისტესიაშვილი, სოფიკო ზვიადაური, თამარ ზვიადაური, მარიამ მეშველიანი, ნატალია ძოლაშვილი, რუსუდან ზვიადაური, ნატა ნათენაძე, ცისო იორამაშვილი, მარიამ წიკლაური, თეონა ჯაკონია, გვანცა გაბიდაური, ნინო ვაშაკიძე, ნინო ბუწურაძე და ლარინა ნიკოლაიშვილი.
– გოგონებო, რამდენად იოლია ბატონ დავითთან მუშაობა. როგორ ახერხებს ის, რომ ყველანი ასე კარგად გამღეროთ?
– ბატონ დავითთან ურთიერთობა ჩვენთვის ნამდვილად დიდი სიამოვნებაა. დიდი მადლობა მას, რომ საშუალება მოგვცა გვეკეთებინა ეს საქმე. მადლობა მას, რომ ერთმანეთი გაგვაცნო და ძალიან კარგი მეგობრები შეგვძინა. რეპეტიციებზე ცოტას კი ვაბრაზებთ ხოლმე, მაგრამ…
– ბატონო დავით, თუ გიფიქრიათ საზღვარგარეთ გასვლაზე?
– კი, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრჯერ გვიფიქრია, თუმცა მოგეხსენებათ ეს ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გვქონდა შემოთავაზება იტალიიდან, თუმცა ბოლოს იქ ვაჟთა კვარტეტი წავიდა. რაც შეეხება კონცერტებს, როცა კი შანსი გვაქვს, ყოველთვის გამოვდივართ და ჩვენს მსმენელს სიამოვნებით ვუმღერით. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტიც ყოველთვის გვერდში გვიდგას.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. დეკემბრის თვეში გვინდა, რომ სოლო კონცერტი შემოგთავაზოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ეს იდეა ჯერ დამუშავების პროცესშია. კონცერტზე მონაწილეობას ვაჟთა ანსამბლებიც მიიღებენ. იმედია, ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი კონცერტი გამოგვივა.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ანსამბლი დეკა – დიდება
ანსამბლი დეკა – ცელო მოუსვი ბალახსა / live
ანსამბლი დეკა – რაჭული / Live
ანსამბლი დეკა – საპატარძლო სახუმარო
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
