აჩი ფურცელაძე „X-ფაქტორის“ ანალოგ მუსიკალურ შოუში „მთავარი სცენა“ გამოჩნდა. ქართველი შემსრულებელი და შოუმენი რამდენიმე წელია, მოსკოვში ცხოვრობს. ორიოდ წლის წინ რუსულ „ვოისშიც“ მონაწილეობდა და ჟიურის წევრები და მაყურებელი აღაფრთოვანა, თუმცა რინგის მეორე ტურიდან გამოეთიშა კონკურსს.
როგორც ჩანს, აჩი ისევ დაინტერესებულია მუსიკალური კონკურსებით და ამჯერად ვალერი ლეონტიევის, დიანა არბენინას, ნიკოლაი ნასკოვის და ალექსანდრ როზენბაუმის წინაშე წარდგა. როზენბაუმმა პირველი კომპოზიციის შესრულების შემდეგ აჩის სთხოვა, ვოკალის უკეთ წარმოსაჩენად მეორე სიმღერაც შეესრულებინა, რასაც რა თქმა უნდა, აჩი დათანხმდა და „ა-სტუდიოს“ ერთ-ერთი სიმღერა წარუდგინა ჟიურის. ამის შემდეგ ოთხივე წევრმა ქართველ მომღერალს შემდეგ ტურში გადასვლის შანსი მისცა, თუმცა დიანა არბენინამ მას „თბილისოს“ შესრულება სთხოვა. ჟიურის წევრის სურვილის დაკმაყოფილების შემდეგ აჩი შემდეგ ტურში გადავიდა, ვნახოთ, რა წარმატებებს მიაღწევს ამჯერად მომღერალი.
