წელს ხობში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მეშვიდედ გაიმართება. 2 და 3 ოქტომბერს „სიმღერა სამეგრელოზე“ ლეგენდარულ ანსამბლ „რუსთავსა“ და თამარ გვერდწითელს მასპინძლობს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები და საესტრადო მომღერლები, ელენე ფოჩხუა, ლევან მასპინძელაშვილი, სოფო გელოვანი და სხვები.
მოეწყობა სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი წიგნებისა და კომპაქტდისკების პრეზენტაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ხობის თეატრის მიმდებარე ხეივანში ეთნო-კუთხეს აწყობს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ რეწვის ნიმუშებს, მხატვრულ ტილოებს, ხელოვნების ოსტატებსა და ტრადიციულ კუთხურ სამზარეულოს.
ხობის ფესტივალის ღონისძიებებს „აჭარის ტელევიზია“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ღია ეთერში გადასცემენ.
ფესტივალს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ხობის“ პრეზიდენტი, გოდერძი ბუკია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო. ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება.
