LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერამ გიორგი მარგველაშვილს სიმღერა „ავტოგოლი“ მიუძღვნა – რატომ აკრიტიკებს ეროვნულ ნაკრებსა და მიშა მესხს

Ardaidardo.Geბერა ივანიშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე სიმღერა „ავტოგოლი“ გამოაქვეყნა. როგორც მისმა თაყვანისმცემლებმა იციან, რეპერმა ადრეც შეასრულა ამავე სახელწოდების სიმღერა, თუმცა ეს ახალია და თავადაც დააწერა: „კიდევ ერთი ავტოგოლი“.

 

სიმღერამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ნახვების დიდი რაოდენობა გამოქვეყნებიდან პირველივე საათებში მოიხვეჭა და 600-ზე მეტმა ადამიანმა დააშეარა სოციალურ ქსელში. მათ შორის ცნობილმა სახეებმაც და პირველ რიგში, ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც იკითხა: „ბერამ ეს სიმღერა კალაძეს მიუძღვნა?“. იგივე შთაბეჭდილება დარჩა ზოგიერთ სხვა მსმენელსაც, თუმცა ეს ვიდეო ბერას ოფიციალურ გვერდზე კახი კალაძის მეუღლეს, ანუკა არეშიძესაც აქვს დალაიქებული და რასაკვირველია, ფაქტია, რომ ის არ ეძღვნება კახი კალაძეს.

ტექსტში, რომელსაც ბერა რეპავს, აშკარა მინიშნება არის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე. „ზოგიერთს ვერ ვცნობ/ თანამდებობის გამო თავი გაეზარდათ, როგორც რემბოს/ ასე ხდება, როცა ნოლს კაცად აქცევ/ მაგრამ არაკაცს ვაჟკაცად ვერ გადააქცევ/ ტურნეს დროს მეგონა, გვერდზე კაცი მყავდა/ თურმე სცენაზე ავტოგოლი ამომყავდა“… – ამბობს რეპერი.

 

ყველასთვის ცნობილია და შეგიძლიათ შესაბამისი ვიდეოები „იუთუბზეც“ მოიძიოთ, რომ ორი წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში ბერა ივანიშვილი აქტიურად იყო ჩართული. მან სპეციალურად საკონცერტო ტურნე მოაწყო საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში დასრულდა. ყველა კონცერტზე მას სცენაზე საპრეზიდენტო კანდიდატი ამოჰყავდა, თავად გიორგი მარგველაშვილი კი ამ ტურნეს გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ამბობდა: „პრეზიდენტად გასული, მე ვიქნები თავიდან ბოლომდე ქართული“. გარდა ამისა, თბილისის კონცერტზე, 2013 წლის 25 ოქტომბერს, მან ბერას დიდი მადლობა გადაუხადა, „ეს საარჩევნო კამპანია იყო განსაკუთრებული, ბერა მთელ საქართველოში დადიოდა და ნამდვილ ადამიანებს კრებდა“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ის პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. 

სიმღერაში, მარგველაშვილის გარდა, ბერამ სხვებიც გააკრიტიკა. მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები, „მტრები შორს დავტოვე/ არც კი მესმის, რას ამბობენ/ პოზიციებს თმობენ, ჩვენი ნაკრებივით თამაშობენ“ – რეპავს ბერა.

 

მის სიმღერაში მიშა მესხისთვისაც მოიძებნა ადგილი: „ჩვენ გარდა აქ დონეს ვინ ასწევს/ ყველას სძინავს, როგორც „ოსკარებზე“ მიშა მესხს…“

 

ბერას ახალი სიმღერის ტექსტს „ფეისბუქ“-მომხმარებელი არაერთგვაროვნად შეხვდა. „მართალი ხარ, ვირთხა ისევ ვირთხად რჩება, საოცარი სიტყვებია“, წერს ერთ-ერთი, მეორე კი ამგვარად აკომენტარებს: „მოხვდა მარგველას. ყველაზე ნიჭიერი ხარ, ბოს“, ასევე კომენტარებში ამოიკითხავთ, „ვაა, ბერა? არჩევნები მოდის, თუ რატომ გაგახსენდით ჩვეულებრივი მოკვდავები?“