მინდოდა სიყვარულით სავსე რგოლი ყოფილიყო და არა ”ნაშური”
გადაცემას ”რადიო დუეტი” კახა კუხიანიძე ესტუმრა. მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა.
– როგორ ხარ? რეიტინგული მომღერალი რეიტინგულ რადიო სადგურს ესტუმრე…
– ფანტასტიურად ვარ, რეიტინგული არ ვარ, ვიყავი, მაგრამ ვეცდები რომ გავხდე.
– რატომ გქონდა შემოქმედებითი პაუზა?
– ეს არ იყო სიზარმაცის გამო. მიყვარს სიმღერა, მუსიკა, ჩემი საქმე. ვფიქრობ, ეს არის ჩემი სამყარო, თავს ყველაზე კარგად და კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, ჩემს თავზე მაინც ვმუშაობდი, სახლში ვიყავი თუ მანქანაში, სულ ვეძებდი სიახლეს და ვცდილობდი რაიმე შემემატებინა ჩემი პროფესიონალიზმისთვის. ხშირად გინდა გააკეთო რაიმე, მაგრამ რაღაც გიშლის ხელს, ჩემს შემთხვევაში ბევრი ნიუანსი მიშლიდა ხელს. ალბათ ათი წელი მქოონდა პაუზა. იყო რამდენიმე სიმღერა, მაგრამ ეს არ იყო აქტიურობისთვის საკმარისი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტიმულს. პირველ რიგში ჩემი თავია ჩემი სტიმული, ადრე არ იყო ასეთი გარემოება. ეს უკვე პირადულია. მივხვდი, რომ დღეს შემიძლია გავაკეთო ის, რაც აქამდე არ გამიკეთებია და ამისათვის მაქვს ენერგია. გავაკეთებ მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში არ არის შოუ-ბიზნესი აქტუალური. მინდა ჩემი ჭია გავახარო. ვაპირებ ძველი სიმღერების ახლებური ვერსიების გაკეთებას. მათ შორის განვაახლებ სიმღერას ”ალერსი მინდა”, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყველა ათეულის ლიდერი იყო. ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. ჩემი ”დაბრუნება” და გააქტიურება იმ ახალი სიმღერის დამსახურებაც არის, რომელიც დღეს თქვენთან მოვიტანე.
– გვესაუბრე ახალ სიმღერაზე…
– ნათია ბუცხრიკიძეს ეკუთვნის ეს სიმღერა. დაახლოებით ორი წლის წინ დამიწერა, იყო ინგლისურ ენაზე და ბენდთან ერთად ვასრულებდი. შემდეგ მივხვდი რომ ქართული ენაც მოუხდებოდა და ტექსტი ნანა ცინცაძემ დამიწერა. ძალიან კარგი ტექსტია, ყველას გულზე მოხვდება. მე ასეთ სიმღერებს ”კანფეტ” სიმღერებს ვეძახი. ძალიან მომწონს, მე მიხდება. მიშა სულუხიამ გამიკეთა არანჟირება, მაიკო კაჭკაჭიშვილმა ბექები ჩამიწერა.
– სიმღერას რომ ჩაწერ, პირველი ვინ უსმენს და ვისი აზრი გაინტერესებს?
– პირველი მე ვუსმენ და ძალიან კრიტიკული ვარ. ასევე დედაჩემი, რომელიც ძალიან კრიტიკულია და ჩემი ძმა თავისთავად.
– მალე გექნება ვიდეორგოლიც…
– ვიდეოს პრემიერა ”ნანუკას შოუში” გაიმართება. გოგო რომელიც მონაწილეობს არის მარიამ მდივანი, ის სალომე ქათამაძის დაა. მინდოდა სიყვარულით სავსე რგოლი ყოფილიყო და არა ”ნაშური”, უკაცრავად. მარიკა ქურდუბაძე და რამაზ გუნავა არიან კლიპის ავტორები. სიმღერას ქვია ”ამ გულს” და თუ რა უნდა ამ გულს, ამას მსმენელი გაიგებს. მინდა რომ ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი.
– კახა კუხიანიძე შეყვარებულია?
– უპასუხოდ დავტოვებ.
– როგორც მახსოვს საბავშვო სტუდიები გაქვს…
– მაქვს საბავშვო მუსიკალური სტუდიები, რომლებსაც ქენდი სტუდია ქვია. გარდა თბილისისა, მაქვს რუსთავსა და ქუთაისში და ძალიან ხშირად ვსტუმრობ ყველა სტუდიას.
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება?
– ფიცს ვდებ, რომ აუცილებლად მექნება ახალი სიმღერა, ახალი კლიპი და ვიქნები უფრო აქტიური.
კახა კუხიანიძე – ამ გულს
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
