ზუზუ ბეჟაშვილი „არ დაიდარდოს“ ეთერში თაკო მელიქიშვილს ესტუმრა. მან მსმენელს წარუდგინა გოგი ცაბაძის სიმღერის „სად გეძებო“ ახლებური ვერსია, საკუთარი შესრულებით. როდესაც ამღერებაზე ვკითხეთ, გვიპასუხა: „პირველად არ ვიცი, რა ვთქვა, არადა, მიყვარს ჟურნალისტებთან ლაპარაკი“. თუმცა შემდეგ საუბარი მაინც შედგა.
ზუზუ ბეჟაშვილი:
უსაქმურობისგან ავმღერდი. პირველად ვამბობ ამას, რომ მთელი ბავშვობა მინდოდა სიმღერა, მაგრამ ვოკალური თვალსაზრისით არ აღმოჩნდა ისეთი შესაძლებლობები, რაც მომღერალს სჭირდება. მე ვერ ვერკვევი ამ ტერმინოლოგიაში, მაგრამ ამ ბოლო დროს კი მეუბნებიან, რომ ჩემი დაბალი ტემბრი საჭირო ყოფილა სიმღერისას, ძალიან დაბალ ნოტებშიც „ვგულაობ“ თურმე.
„სად გეძებო“ ჩემს ახლანდელ მდგომარეობას გამოხატავს. ამ სიმღერას ჩემს საქმესაც ვუმღერი, ადამიანებსაც. მგონია, რომ ხალხი გაცივდა. ახლახან უკრაინაში ვიყავი და იქ ყველა მიღიმოდა. ომია და იქაც კი იღიმიან, აქ ხალხი დათრგუნვილია. ამ სიმღერამ გული მომფხანა. როცა ვწერდი, ზურა მახნიაშვილთან სტუდიაში, სულაც არ ვფიქრობდი, ვინმეს მოეწონებოდა თუ არა.
კრიტიკას ელოდები?
მე ადრეც მიმღერია, მე და ვერიკო ტურაშვილს გვაქვს დუეტი, რომელიც „არ დაიდარდოს“ ეთერში ხშირად ყოფილა. რაც შეეხება კრიტიკას, სიმართლე გითხრა, არ მაინტერესებს. დადებითი გამოხმაურება კი, ძალიან გამიხარდება. პირველ რიგში, სიმღერა სხვა მუსიკოსებს მოვასმენინე და მათი აზრი მოვისმინე. მოდით, დამარქვით მსახიობი, რომელიც მღერის, ამიტომაც ნაკლებ კრიტიკას ველოდები.
საკმაოდ მხიარული ხარ დღეს. არადა, მცირე ხნის წინ დეპრესია გქონდა…
ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება. დეპრესია ძალიან მეზარება. მაქვს პაუზა შემოქმედებაში, მაგრამ გავემგზავრე უკრაინაში, სადაც ნინო ქათამაძე ძალიან დამეხმარა, დამახვია თავს აგენტები, მქონდა სინჯები. შეიძლება, მცემონ და არ უნდა მელაპარაკა ამაზე, მაგრამ ჩემი მეგობარი თოლორდავა ვინც წაიყვანა მოსკოვში, ის აგენტი დაინტერესდა ძალიან ჩემით. გავაგზავნე რუსულად სინჯის ჩანაწერი და მოეწონათ, ინგლისურად მოითხოვეს, მაგრამ ჯერ არ გამიგზავნია, რადგან ინგლისურის გაკვეთილი იქნება (იცინის). ვნახოთ, რა იქნება. ეს თუ გამოვიდა, ძალიან გამიხარდება, გადაღებებია ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და რუსეთში. ინტერესი რომ წამოვიდა, ამ დამოკიდებულებამ გამახარა, პირველ რიგში.
საქართველოში არაფერი არ ხდება?
არა, და არა იმიტომ, რომ არსად მეძახიან. ვერ ვიტყვი, რომ თავს იკლავენ დაძახებით, მაგრამ თავად ვამბობ უარს. ახლახან რეზო ესაძის ფილმში ეპიზოდური როლი ვითამაშე და ვფიქრობ, რომ 80 წლის კაცი ჩვენზე პროგრესულია. ძალიან მომეწონა მასთან თამაში. არის სერიალებში მონაწილეობის შეთავაზებები, მაგრამ არ ვთანხმდები.
ნაკლებად რომ გეძახიან, ამის მიზეზი რა არის?
არ ვიცი… ეს ქალაქი ძალიან პატარაა. არ მინდა, ვიჭორავო, მაგრამ ვიღაც ნახევარი სიტყვით ისე დაგბლოკავს… მე ნახევარი სიტყვით პირიქით, კარგად მიმიწოდებია არტისტი.
მაინც რას ამბობენ?
ჩემზე ამბობენ, ზუზუ მძიმე და ლოთიაო. არც მძიმე ვარ, არც ლოთი. საქართველოს გარდა, ოთხ ქვეყანაში ვარ ნამუშევარი და ჩემ გამო არც ერთი გადაღება არ ჩაშლილა. არავის არ აინტერესებს, რომ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ევროპაში პრიზი მაქვს აღებული…
რა თქმა უნდა, არ ვარ საჩუქარი, როცა გადაღებებზე ვინმე მიშლის ხელს, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ამას საქმისთვის ვაკეთებ. გამომიხატავს, როცა უჭკუო ადამიანს ხელი შეუშლია ჩემთვის. თუ ჩემ მიმართ საღი დამოკიდებულებაა, ფეხს დაგბან, თუ ჩათვლი, რომ ფეხი უნდა დაგბანო, თავში ჩაგარტყამ (იცინის).

