საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, შექსპირის სახელობის გდანსკის თეატრში დღეს ქართული კულტურის დღეების გახსნას დაესწრება.
უწყების მხარდაჭერით ქართული კულტურის კვირეული პოლონეთში 9-16 ოქტომბერს გაიმართება. ერთი კვირის განმავლობაში ქალაქ გდანსკში ჩასული დამთვალიერებელი გაეცნობა ქართული კულტურის თითქმის ყველა დარგს – თეატრი, კინო, ხალხური ცეკვა და მუსიკა, მხატვრობა და ფოტოხელოვნება. კვირეული რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით “ქალი ძაღლით” (ანტონ ჩეხოვი) გაიხსნება, გდანსკის თეატრის სააქტო დარბაზში კი გამოფენა – “ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი” მოეწყობა. დამთვალიერებლებს ქართული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობაც ექნებათ. კულტურის კვირეულის ფარგლებში, ასევე გაიმართება ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტები, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული სპექტაკლი, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის გამოფენა და კინოჩვენება, ვორკშოპები და მასტერკლასები ქართული პოლიფონიური სიმღერის შესახებ. ღონისძიებების პარალელურად გაიმართება ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია.
