LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილის სიმღერა უცხოური ონლაინკონკურსის ფინალისტი გახდა

Ardaidardo.Geთაკო მელიქიშვილის კლიპი სიმღერაზე „ნუ მეტყვი“, „ევროვიზიით“ შთაგონებული ონლაინკონკურსის, „North Vision Song Contest 16“-ის მონაწილეებს შორის ისე აარჩიეს, რომ თავად მომღერალმა არაფერი იცოდა. საქართველოდან „იუთუბ-კონკურსის“ მონაწილე სწორედ თაკო გახდა. ამ დრომდე კონკურსი 13-მა ქვეყნის წარმომადგენელმა მოიგო და შესაბამისად, მასპინძელი ქვეყნის სტატუსებიც დაიმსახურეს. ახლანდელი კონკურსის მასპინძელი ქვეყანა ისრაელი გახლავთ. პირველად ის 2013 წლის 24 აპრილს გაიმართა.

 

თაკო მელიქიშვილი:

ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტკონკურსის „North Vision Song Contest 16“ მონაწილე გავხდი ჩემი ახალი სიმღერითა და კლიპით „ნუ მეტყვი“ და საუკეთესო ოცეულში გავედი, ასევე მოვხვდი ფინალში. კონკურსში პირველ ნომრად ვიყავი და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ნახევარფინალამდე არაფერი ვიცოდი. ახლახან გავიგე ამის შესახებ და რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ ფინალურ ოცეულში აღმოვჩნდი (იღიმის).

რაც შეეხება ჩემს კლიპს, „ნუ მეტყვის“ პრემიერა გია ჯაჯანიძის შოუში ივლისში შედგა, შემდეგ„ იუთუბზე“ დაიდო და როგორც ჩანს, იქ ნახეს. მივწერე და მიპასუხეს, რომ საქართველოდან ჩემი კლიპი შეარჩიეს კონკურსში მონაწილეობისთვის (იღიმის).

თაკო, გაქვს სიახლეები?

კომპოზიტორმა ცირა ბზიშვილმა დამიწერა ახალი სიმღერა, რომელსაც მალე ჩავწერ და პირველისგან განსხვავებული იქნება. ტექსტი არ აქვს და ტექსტზეც მუშაობს, ვაპირებთ კლიპის გადაღებას. სიმღერის პრემიერა, რასაკვირველია, „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგება, კლიპის – ჯერ არ ვიცი. ხომ ხედავთ, ჩემმა ბოლო კლიპმა როგორი წარმატება მომიტანა (იღიმის). თავად გია ჯაჯანიძის გადაცემის „ფეისბუქის“ გვერდიდან მას პირველ კვირაში 400 გაზიარება ჰქონდა. ეს ჩემთვის სერიოზული ნამუშევარია და აქედან ვიწყებ ათვლას. არ ველოდი ასეთ წარმატებას და ძალიან მიხარია, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია (იღიმის).

კონკურსის მასპინძელი ქვეყანა, რომელზეც ზევით ვილაპარაკეთ, ისრაელია. ვიცი, რომ იქ კონცერტებით გიწვევენ ხოლმე.

მიწვევენ, ბოლოს მაისში კორპორტიულ საღამოზე ვიყავით მე, ლელა წურწუმია და მამულიჩა, ნინა წკრიალაშვილი და გია სურამელაშვილი. შემდეგი კონცერტი გემზე უნდა ყოფილიყო, სამდღიან კრუიზზე, გემი კვიპროსშიც შედიოდა და ვიზა დამჭირდა. ერთმა ახლობელმა ნაცნობ ტურისტულს დამაკავშირა. მისი წარმომადგენელი ბიჭი თავად მოდიოდა ჩემთან რადიოში, იმ მიზეზით, რომ მე არ შევწუხებულიყავი ტურისტულ სააგენტოში მისვლით და ხან 50 ლარს მართმევდა, ხან 100 ლარს, თითქოსდა ხარჯებისთვის. მეც ვიჯერებდი და ბოლო კაპიკები ჩავუთვალე. მითხრა, 2 ივლისს საელჩოში უნდა შეხვიდეო, 6-ში უნდა გავფრენილიყავი. საელჩოში რომ მივედი, მითხრეს, თამარ მელიქიშვილის სახელზე არანაირი განაცხადი არ არის შევსებულიო (იცინის). 2 ივლისს ჩემი შვილის, ლიზის დაბადების დღე იყო და აქეთ-იქით რეკვაში და ამ ამბის გარკვევაში გავატარე (იცინის). მერე, იმ ბიჭს რომ დავურეკე, მითხრა, საელჩოში რატომ არ მოხვედიო. პასუხის მოკითხვას აზრი არ ჰქონდა. მირჩიეს, ფული მოითხოვეო, მაგრამ ვაპატიე (იცინის).

ვიდეო:




Ardaidardo.Ge

 

ნინო მურღულია