ჟურნალ Forbes-ის რეიტინგით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი – ჯენიფერ ლოურენსი აღშფოთებულია ჰოლივუდში დამკვიდრებული სექსიზმით. როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, მისთვის შეურაცხმყოფილია, რომ მამაკაც მსახიობებს უფრო მეტ ჰონორარს თავაზობენ, ვიდრე ქალებატონებს.
2013 წელს ეკრანებზე ფილმი ”აფიორა ამერიკულად” (”American Hustle”) გამოვიდა, რომელმაც ლოურენსს ”ოსკარის” მესამე ნომინაცია მოუტანა. ერთი წლის შემდეგ, ჰაკერებმა კინოსტუდიის Sony Pictures-ის ქსელი გატეხეს და პროდიუსერების საიდუმლო მიმოწერას მიაგნეს, რომელიც მალევე გაასაჯაროეს. მიმოწერის თანახმად ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოურენსის და ემი ადამსის ჰონორარი (ფილმში ”აფიორა ამერიკულად”) ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე კრისტიან ბეილის, ბრედლი კუპერის და ჯერემი რაინერის ანაზღაურება. გავრცელებული ინფორმაცია თავად ლოურენსისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.
2015 წლის ზაფხულში Forbes-მა ყველაზე ძვირადანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ლოურენსმა ლიდერის პოზიცია მოიპოვა. გამოცემის ცნობით, ”შიმშილის თამაშების” (”The Hunger Games”) ვარსკვლავის წლიურმა შემოსავალმა 52 მლნ. დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ანალოგიური რეიტინგის ლიდერმა მამაკაცმა მსახიობმა – რობერტ დაუნი-უმცროსმა, წლის მანძილზე 80 მლნ. დოლარი გამოიმუშავა.
ლოურენსმა საკუთარი უკმაყოფილება ლინა დანემის (სერიალის ”გოგონები” პროდიუსერი და რეჟისორი) შოუში გამოთქვა: ”ჩემთვის რთულია ამ თემაზე საუბარი, რადგან ჩემი შემთხვევა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. როცა Sony-ის მიმოწერა გამოქვეყნდა, მე მათზე კი არა, საკუთარ თავზე გავბრაზდი, რადგან ძალიან სწრაფად დავნებდი და არ გავაგრძელე ბრძოლა მილიონებისთვის. ბოლომდე გულწრფელი თუ ვიქნები, ფილმში მონაწილეობას უფრო იმიტომ დავთანხმდი, რომ არ ეფიქრათ თითქოს მე ”რთული” ან ”გათამამებული” მსახიობი ვარ. შესაძლოა ეს ჩემი ხასიათიას ბრალია, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ, ვინც მსგავს პრობლემას წააწყდა. მომბეზრდა საკუთარი აზრის გამოსათქმელად ”შესაფერისი” მომენტის ძებნა. არ მგონია, მამაკაცები დიდ დროს ხარჯავდნენ დელიკატურობაზე, როცა მათ რაიმეს თქმა უნდათ. რანერი, ბეილი და კუპერი თვითონ მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში და სწორედ ამიტომ შეძლეს ხელსაყრელი კონტრაქტების მიღება. დარწმუნებული ვარ, ისინი მიზანდასახულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ მამაკაცებად ჩათვალეს, მე კი, იმაზე ვღელავდი, რა შთაბეჭდილებას დავტოვებდი სხვაზე. მიმოწერაში ერთ-ერთმა პროდიუსერმა რომელიღაც მსახიობს ”განებივრებული ბავშვი” უწოდა, როგორც მერე აღმოჩნდა, საუბარი ანჯელინა ჯოლიზე იყო. ძალიან ეჭვი მეეჭვება, რომ მათ ასე რომელიმე მამაკაცი მსახიობის მოხსენიება გაბედონ”.
ჟურნალისთვის ”E! News” მიცემულ ინტერვიუში ლოურენსს მხარი ბრედლი კუპერმაც დაუჭირა.
ჯენიფერ ლოურენსი პირველი არაა, ვინც ცდილობს ყურადღება გაამახვილოს სექსიზმის პრობლემაზე. გენდერულ უთანასწორობაზე არაერთხელ საუბრობდა ემა უოტსონი, სელმა ჰეიკმა კი, პრობლემას მთელი გამოსვლა დაუთმო ჟურნალის Variety Power of Women 2015-ის საზეიმო დაჯილდოვებაზე.
