LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ასრულებს გოჩა ბავარიელი იტალიურ კარუზოს ქართულად?

Ardaidardo.Geყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შემდეგი ნახევარი ცხოვრება განვლო

 

გადაცემას ”რადიო დუეტი” ავტორ-შემსრულებელი გოჩა იაშაღაშვილი, იგივე ბავარიელი ესტუმრა.

 

– მოგვიყევი თქვენს შესახებ, რატომ ბავარიელი? ვიცი, რომ გერმანიაში წარმატებული ბრძანდებით…

 

– ბედნიერი ვარ იმით, რომ მაქვს საშუალება ჩემს მსმენელს მოვეფერო. რაც შეეხება ახლო წარსულს, მქონდა გარკვეული შემოქმედებითი პაუზა, ცხოვრებაშიც არ ვიყავი აქტიური, ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, სწორედ გერმანული მედიცინის წყალობით ისევ შემიძლია ვიმღერო. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შემდეგი ნახევარი ცხოვრება განვლიო. გადმოვიღე თაროზე შემოდებული სიმღერები და მათ განახლებას ვგეგმავ. 20 ნოემბრისთვის ისევ გერმანიაში უნდა დავბრუნდე, გერმანული დოკუმენტური ფილმისთვის მუსიკა დავწერე და პრემიერას უნდა დავესწრო. გერმანიაში ძალიან უჭირთ ჩემი გვარის წარმოთქმა, ამიტომაც ბავარიელს მიწოდებენ.

 

– ვიცი, რომ თქვენი შვილიც კარგად მღერის…

 

– ჩემ შვილს, ნიკას ვუთხარი, რომ საჭიროა ბევრი იშრომოს, აითვისოს სცენის კულტურა. ხვალ და ზეგ არ იქნები მაგარი მომღერალი, ამას წლები სჭირდება.

 

– ხომ არ გეგმავთ ერთობლივ სიმღერას?

 

– ჩემთან, გერმანიაში იყო ჩამოსული, გავაკეთეთ საერთო კონცერტი, თუმცა მისი სოლო გამოსვლა უფრო იყო, მინდოდა შეჩვეოდა და გაეგო, რომ შეიძლება ერთმა კაცმა ორი საათის განმავლობაში იმღეროს. გაკეთდა ასევე ჩემს მიერ დაწერილი სიმღერის პრეზენტაცია, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სხვადასხვა ეროვნებისგან შემდგარ პუბლიკაში. ინგლისურენოვანი სიმღერა დავუწერე. როდესაც კონცერტი მაქვს, ემიგრანტებთან ერთად სხვადასხვა ერის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

 

– შეეჩვიეთ გერმანიას?

 

– დიახ, იქ ძალიან მოწესრიგებულია ყველაფერი, მე ვისურვებდი ჩემს სამშობლოშიც ასეთივე წესრიგი იყოს. თუ მოვინდომებთ, ყველაფერი გამოგვივა. ჩემი მეორე სამშობლო გერმანიაა. პირფერობა არ მიყვარს და სიმართლეს გეტყვით, მქონდა ჰიმნის პრეზენტაცია, რომელსაც გერმანიის მთავრობა ესწრებოდა, რამდენიმე დღეში ქართველი ემიგრანტებისთვის მქონდა გამოსვლა. როგორ ფიქრობთ, სად უფრო მეტი სიამოვნება მივიღე? წესით ქართველებთან თავი უკეთ უნდა მეგრძნო არა? მაგრამ ასე არ იყო. ქართველებს მოსმენის კულტურა არ აქვთ, ისმოდა ტელეფონზე საუბარი, ჭორაობა, ბავშვების ტირილი, ამ დროს მე ვმღერი, მე ხომ რადიო არ ვარ, მე ხომ ჩემ ამბავს ვყვები.

 

– ქართველი მომღერლები თავის გატანის მიზნით რესტორნებში მღერიან…

 

– რესტორნის კულტურა ბავარიაში ისე არ არის როგორც საქართველოში. რესტორანი იქ კვების ობიექტის დანიშნულებით გამოიყენება. არის რამდენიმე დარბაზი, სადაც შეიძლება იმღერო, მაგრამ გერმანელი მაინც თავს შეიკავებს. თუ გერმანულ მუსიკალურ ინდუსტრიაში შეძვერი, ეს ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი ხარ. მე 20 წელია იქ ვარ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავხდი მისი წევრი. ვწერ კლასიკურ მუსიკას და ვფიქრობ, რომ იქნებ ამით მაინც დავმკვიდრდე საბოლოოდ. მე ვმუშაობ გერმანიაში, მაქვს ძალიან ძვირადღირებული აპარატურა.

 

– ახალ სიმღერაზეც გვესაუბრეთ, კარუზო ქართულად, ასე დაარქვით მას…

 

– ამ სიმღერის იტალიურად შესრულება რამდენჯერმე ვცადე. არის ერთი მომენტი, როდესაც ბევრი ბგერის აღებაა საჭირო და იტალიურ ენაზე ეს ადგილი იმდენად დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, გადავწყვიტე ქართულად გადამეკეთებინა. ჩემმა შვილმა გადამიღო მობილურით, ამ სიმღერას ვღიღინებდი, შემდეგ სოციალურ ქსელში დაიდო და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. გვთხოვეს, რომ კარგი ხარისხით ჩამეწერა. ქართულად ჰქვია ”ჩემო ფერია”.

გოჩა იაშაღაშვილი – ჩემო ფერია

AudioGOCHA IASHAGASHVILI (BAVARIELI) – CHEMO PERIA


გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioGocha iashagashvili

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები