
5 დეკემბერს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პროექტის, „საბაგირო“ პრეზენტაცია შედგება. „საბაგიროს“ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „Tbilisi Summer Set” შემოქმედებითი გუნდი განახორციელებს.
„საბაგირო“ თვეში ერთხელ კონცეპტუალური ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს, რომელშიც მუსიკა და ვიზუალური ხელოვნების სხვა სფეროები გაერთიანდება.
„საბაგიროს“ მიზანია აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს და მსმენელს საშუალება მისცეს, ინტერაქტივის საშუალებით თავად აირჩიოს შესაბამისი ჟანრი და არტისტი.
ყოველთვიურ ივენთებში მონაწილეობისთვის „საბაგიროს“ კარი ღიაა მუსიკოსებისთვის, გამომგონებლებისთვის, ფოტოგრაფებისა და დიზაინერებისთვის, მოკლედ, ყველა იმ ადამიანისთვისაც, ვისაც სურს, საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინოს. საუკეთესო ნამუშევრებს „საბაგირო“ დააფინანსებს.
5 დეკემბერს, პროექტის პრეზენტაციაზე ფრანგი არტისტის, Rone-ის მუსიკალური შოუ შედგება, მას თბილისში რიგით მესამე ალბომი ჩამოაქვს. სწორედ ახლა აქვს მას „Creatures“-ის მხარდასაჭერი ტურნე.
„ახალი პროექტის იდეა ჯერ კიდევ ფესტივალის Tbilisi Summer Set დროს გაგვიჩნდა, როდესაც გავიცანით ახალგაზრდა გამომგონებლები, არქიტექტორები, ფოტოგრაფები. მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც ადამიანები მივლენ და ნახავენ მათ ნამუშევრებს. ასევე მივხვდით, რომ მსმენელი მზადაა, იმაზე მეტი მოისმინოს, ვიდრე საქართველოში პოპულარული ტექნო ან ტექ-ჰაუსია“,-ამბობს პროექტის PR-მენეჯერი ნიკა დვალიძე.
