გია ყანჩელის წვლილი ქართულ და ზოგადად, მსოფლიო მუსიკაში შეუფასებელია. ევროპის სხვადასხვა ცნობილ დარბაზში არაერთხელ აჟღერებულა ქართველი კომპოზიტორის კლასიკური ნაწარმოებები, მისი კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა კი უბრალოდ, გენიალურია…
გია ყანჩელს 2015 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. დიდი მაესტროს პატივსაცემად და ამ თარიღის აღსანიშნავად, 10 ნოემბერს, ფილარმონიის დიდმა საკონცერტო დარბაზმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, გორის ქალთა კამერულ გუნდს, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასა და წმინდა სამების საპატრიარქო გუნდს უმასპინძლა, სოლისტებთან ერთად – ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მიშო ჯავახიშვილი, გიორგი ცაგარელი.
საღამო ორგანიზატორებმა ორ ნაწილად დაჰყვეს – პირველ ნაწილში მოვისმინეთ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა, ორკესტრისა და სოლისტების, ასევე საფესტივალო გუნდის შესრულებით, ასევე ვიხილეთ ამონარიდები იმ ფილმებიდან თუ ღონისძიებებიდან, რომლებიც გია ყანჩელის სახელს უკავშირდება. სპეციალურად ამ დღისთვის მოიძიეს იშვიათი საარქივო მასალა, სადაც 27 წლის პაატა ბურჭულაძე ასრულებს არიას გია ყანჩელის ნაწარმოებიდან „და არს მუსიკა“. ნიკოლოზ რაჭველმა გამოთქვა იმედი, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შემდეგ, ამ ოპერის ხელახლა დადგმის საშუალება მიეცემათ.
როგორც დირიჟორმა აღნიშნა, გია ყანჩელს სთხოვეს, არ დასწრებოდა არც ერთ რეპეტიციას, რადგან მისთვის მრავალი სიურპრიზი ჰქონდათ. მათ შორის ერთ-ერთი მაყურებელმა დიდი ოვაციით მიიღო, როდესაც ნიკოლოზ რაჭველისა და გიორგი ცაგარელის მიერ შესრულებულ გია ყანჩელის ტანგოზე საცეკვაოდ ნინო ანანიაშვილი გამოვიდა პარტნიორთან და თითების თეატრის ორ წარმომადგენელთან ერთად და დაუვიწყარი წუთები მიანიჭა დარბაზში შეკრებილებს.
ასევე განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ მომღერალ მიხეილ ჯავახიშვილის გამოჩენა ღონისძიებაზე. მან ლიზა ბაგრატიონსა და ნატო მეტონიძესთან ერთად „ჰერიო, ბიჭებო“ იმღერა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ დღესდღეობით საქართველოში.
ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა და გიორგი ცაგარელმა რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს ორკესტრსა და გუნდთან ერთად. ღონისძიების მეორე ნაწილში კი გიორგი ცაგარელისა და ორკესტრის ჯერი დადგა. მათ წარმოადგინეს „სტიქსი“, ნაწარმოები, რომელიც გია ყანჩელმა 1999 წელს შექმნა…
ბოლოს სცენაზე თავად დიდი მაესტრო მიიწვიეს. დარბაზი დიდი ხნის განმავლობაში უკრავდა ტაშს. გია ყანჩელმა აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რომელსაც უდიდესი საგანძურის სახით ასეთი ფოლკლორი აქვს შექმნილი, მშვიდად ცხოვრების საშუალება უნდა მიეცეს, რაც დღეს, სამწუხაროდ, არ აქვს. კომპოზიტორმა თავის ასაკსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, 80 წლის ასაკში გრძნობს, რომ მხოლოდ ცხოვრების ნახევარი აქვს განვლილი და დარბაზში მყოფ თანატოლებსაც ასე ფიქრისკენ მოუწოდა.
გია ყანჩელის სახელობის პრემიით, რომელიც კომპანია „ბადაგონმა“ დააწესა, დაჯილდოვდა ახალგაზრდა მუსიკოსი, სანდრო სიდამონიძე. ყოველწლიური პრემია ნიჭიერ მუსიკოსებს გადაეცემათ, ფულადი პრიზი კი 10 000 ლარს შეადგენს.
გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტი დღეს, 11 ნოემბერსაც გაიმართება.
ნინო მურღულია

