”ჩემთვის საამაყოა დიდ მომღერალთან, უტკბილესი ხმის მქონე დათო კენჭიაშვილთან მუშაობა”
გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” დათო კენჭიაშვილი, თეა თეთრაძე და ნურგუზელ ქესტანე ესტუმრნენ.
– კარგი პროექტით შემოგიერთდით, მას ჰქვია ”ჯეირანი”. ქესტანეს თავის სამშობლოში არ სჭირდება წარდგენა, თეა კი ჩვენი შუამავალია და მას დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ეს გოგონა არის თურქეთიდან, კერძოდ ორდუდან. გადავწყვიტეთ ერთად ჩაგვეწერა ”ჯეირანი”. ეს სიმღერა ყველამ კარგად იცის, თუმცა ჩვენ განსხვავებული ინტერპრეტაციით გავაკეთეთ. მე ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა.
– გქონიათ შეხება საქართველოდან?
ნურგუზელ: – ეს ჩემი პირველი ვიზიტია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კარგ პროექტში ვიღებ მონაწილეობას. ამისთვის პირველ რიგში თეა თეთრაძეს ვუხდი დიდ მადლობას და რა თქმა უნდა დიდ მომღერალს, უტკბილესი ხმის მქონე დათო კენჭიაშვილს, ჩემთვის საამაყოა მასთან ერთად მუშაობა.
– ვისი იდეა იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება?
– ქართული სიმღერები ძალიან მიყვარს, დათო კი იმ მომღერლებიდან ერთ-ერთია, ვისაც ხშირად ვუსმენ. პირველად რომ მოვისმინე, ვთქვი რომ ეს იყო ნამდვილი ხმა. დათოს ”ფეისბუქით” დავუკავშირდი, შემდეგ კი სკაიპით გავაგრძელეთ ურთიერთობა.
– დათო, ამ ამბის შენეული ისტორია მომიყევი…
დათო: – ხო, დავუკავშირდით ერთმანეთს, ძალიან კარგი მომღერალი და მუსიკოსია. როდესაც აიღო ინსტრუმენტი და დაუკრა, მაშინვე ამომიტივტივდა სურვილი, რომ მასთან ერთად მემღერა. რაც შეეხება ”ჯეირანს”, ის როგორც იცით გაყიდულ ტყვეზეა. არსებობდა სხვადასხვა ვერსიებიც. იდეები კიდევ გვაქვს, უნდა ვიმღერო თურქულად. აქტიურად ჩავებით ამ საქმეში და იმედია ფინიშამდე მივალთ.
– დათო მერამდენე დუეტია შენს კარიერაში, წყალობ ხომ დუეტებს?
– მეხუთე, გააჩნია ვისთან იქნება. უცხოელთან პირველია. კიდევ ერთ უცხოელთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას, ჯერ ვერ დავასახელებ ვის ვგულისხმობ.
– მოგვიყევი შენი თურქული ვოიაჟის შესახებ?
– თეა არის თურქეთში ჩემი პროდიუსერი, ის გეგმავს ჩემს კონცერტებს. მან გადაწყვიტა მივეწვიე თურქეთში, გამიკეთა სოლო კონცერტი, ეს იყო ორი წლის წინ. ძალიან მასშტაბური გამოვიდა, ძალიან კარგად ჩაიარა. დიდი სითბო დამხვდა და დიდი სიყვარულით მიმიღეს.
– თქვენი ჩართულობა მაინტერესებს ამ პროექტში …
თეა: – დათო დამიკავშირდა და მითხრა რომ ნურგუზელთან სურდა პროექტის წამოწყება, მე დავუკავშირდი ნურგუზელს. ცოტა გაგვეწელა, მაგრამ ყველაფერი დავასრულეთ. დასრულდა კლიპზე მუშაობა. ჯეირანის ”გაპიარება” უკვე თურქეთში დაიწყება, დათო ისევ წავა თურქეთში.
– ნურგუზელ, მოგვიყევით თქვენს შესახებ, მღერიან თუ არა თურქეთში ხმებში?
– ანკარაში მაქვს კერძო გაკვეთილები, ვასწავლი თურქულ ხალხურ საკრავზე დაკვრას. მხოლოდ ფოლკლორში ვმუშაობ. შავი ზღვისპირეთის მხარეს სიმღერები მრავალ ხმიანია, თურქულ მუსიკასთან ახლოს არის ქართული მუსიკა.
– რა მოგეწონათ და რა დაგამახსოვრდათ საქართველოში?
– საქართველოს ბუნებას ინტერნეტით მეტ ნაკლებად ვიცნობდი. ძალიან მომეწონა ძველი თბილისი, ძველი ისტორიის სუნი ტრიალებს. ჯვრის მონასტერი და ზედაზენი მოვინახულე. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ და ძალიან გემრიელი საკვები გაქვთ.
– კლიპზე ვისაუბროთ, სად იყო გადაღებები?
დათო: – სცენარი სასიყვარულოა, ბიჭი როგორც ყოველთვის ეძებს გოგოს. ჩემი საყვარელი ხევსურული ჟილეტი აქაც მაცვია. კლიპი რაბათში და ხორავას სახელობის თეატრში გადავიღეთ. ძალიან ლამაზი კლიპი გამოვიდა. სიმღერა ჩემს სტუდიაში ჩაიწერა. მიშა წითელაშვილმა, ალუდა ჯანაშვილმა და სხვა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
– სამომავლო გეგმები?
– რამდენიმე სოლო კონცერტი მაქვს დაგეგმილი საზღვარგარეთ. 1-დან 8 მარტის ჩათვლით ვატარებთ თეონა ქუმსიაშვილის სახელობის კონკურსს. სწორედ ამ საკითხზე ძალიან აქტიურად ვმუშაობ. ჩემი წარმატება თეონას სახელს უკავშირდება და რაც უფრო მეტს გავაკეთებ თეონას სახელის უკვდავსაყოფად, მით უფრო ბედნიერი ვიქნები.
– სხვა ჟანრში თუ გიფიქრია მუშაობა?
– პური უნდა გამოაცხოს მეპურემ. მე იქ ვრჩები სადაც ვარ. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტების კეთება, მხოლოდ ფოლკლორთან ახლოს.
დათო კენჭიაშვილი და ნურგუზელ ქესტანე – ჯეირანი
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
