გადაცემას ”რადიო დუეტი” ჯგუფი ”სეიშენი” ესტუმრა.
– გააცოცხლეთ ძველი სიმღერა…
ლევანი: – დიდი სურვილი გვქონდა, ეს სიმღერა ჩაგვეწერა. ძალიან დიდი პატივს ვცემთ გოგი ცაბაძეს, ეს ყველას იდეა იყო, მგონია, რომ კარგი ჰიტი ”დავდეთ”. საუბარია სიმღერაზე ”ჩემო თბილის ქალაქო”.
ჯიმი: – ეს არის სიმღერა, რომელსაც მამაქალაქი, უძღვნის დედაქალაქს, მამაქალაქი ეტრფის და ხოტბას ასხამს დედაქალაქს.
ლევანი: – ჩვენი ალბომი ჟანრობრივადაც ასე წარიმართება, ვიმღერებთ ბათუმზე, ქუთაისზე, თუმცა დავიწყეთ თბილისით. ჩვენ ქუთაისიდან ვართ, მაგრამ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ თბილისში და გვინდოდა მიგვეძღვნა ამ ქალაქისთვის სიმღერა. აუცილებლად იქნება ვიდეორგოლიც.
– საახალწლოდ სად იქნებით?
– ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ არის შეთავაზებები და შეგატყობინებთ.
– შემდეგი სიმღერა რომელ ქალაქზე იქნება?
ლევანი: – რა თქმა უნდა ჩვენს მამაქალაქზე, ქუთაისზე და არანაკლებ კარგად იქნება გაკეთებული. ჩვენ სიმღერებს მხოლოდ ჯგუფის სამი წევრი ვწერთ, ამ ეტაპზე ”სეიშენი” სამი წევრისგან შედგება, თუმცა, ”სეიშენი” ყოველთვის იქნება ”სეიშენი”. ჩვენ ერთად შეკრული ადამიანები ვართ, მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ, ნათესავები ვართ. ამიტომ ჩვენგან ვინც წავა, ის ყოველთვის დაბრუნდება. ჩვენი მეოთხე წევრი ამერიკაშია, ცოტა რთულია იქიდან საქართველოში დაბრუნება.
ლაშა: – ალბომზე მინდა ვისაუბროთ, 13 სიმღერა გვაქვს არჩეული, 30%-ის არანჟირება გაკეთებულია. ძალიან ლამაზი და მაგარი სიმღერებია. მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე არ ვიმღერებთ… დაშორებაზეც, წასვლა-დაბრუნებაზეც იქნება, თუმცა, გორზე და სტალინზე არა. ამ ალბომში ცნობილი სიმღერების ქავერები შევა.
– თქვენს შორის რომელი უფრო მატყუარაა?
ლევანი:- ქუთაისელი და მატყუარა სად გინახავთ. სამივე მატყუარები ვართ… მაგრამ ჩვენი ტყუილით არასოდეს არავის არ ვაზარალებთ.
– არის თუ არა კონცერტების მხრივ სხვაობა წინა წლებთან შედარებით?
ლევანი: – სხვაობა რა თქმა უნდა არის, არ ვიცი რას დავაბრალო. იმედია ჩვენივე შემართებით გამოსწორდება სიტუაცია. როცა ჯიბე სავსეა, უფრო კარგად ვმღერით. ბიზნესში ვართ ჩართულები და დღეიდან ერთ წელიწადში ჩვენივე სახსრებით გავაკეთებთ გრანდიოზულ კონცერტს, პირობას აქვე ვდებთ.
ლაშა: – ”ჩემო თბილის ქალაქოს” არანჟირების ავტორი არის ზაზა ხუბუკელაშვილი. მის სტუდიაში ჩაიწერა ჩვენი სიმღერაც თბილისზე. ჩვენს ალბომშიც სიმღერების ნახევარი ზაზასთან ჩაიწერა.
– უსმენთ ”არ დაიდარდოს” და თქვენს სიმღერებს?
ლაშა: – ჩვენ შეძლებისდაგვარად ვუსმენთ, მაგრამ ასევე გვეხმარებიან მეგობრები, ინფორმაციის მოწოდებაში ჩვენს სიმღერებთან დაკავშირებით.
სეიშენი – ჩემო თბილის ქალაქო
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტო
