LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუმორინა 2016“-ისთვის თბილისს ერთი დღით „მხოლოდ შენ ერთს“ ესტუმრება

Ardaidardo.Ge13 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე, „იუმორინა 2016“ განახლებული საახალწლო პროგრამით წარდგება მაყურებლის წინაშე. წელს ცნობილი ღონისძიების ფარგლებში, კარგად ნაცნობი და საყვარელი სახეების გარდა, სცენაზე რამდენიმე დებიუტანტი გამოვა.

 

გია ბაღაშვილი:

„იუმორინა 2016“-სთვის პროგრამა მთლიანად განახლდა. ვერ გეტყვით, პირადად მე რომელ გამოსვლას ველოდები ყველაზე მეტად, რადგან თითოეულ მონაწილეს სრულიად ახალი რეპერტუარი აქვს და მაინტერესებს, როგორ მიიღებს მათ მაყურებელი. არის სრულიად გამორჩეული ნომრები. გარდა იმ ცნობილი სახეებისა, რომლებიც „იუმორინაზე“ წლებია გამოდიან, გივი ბერიკაშვილი, დათო როსტომაშვილი, ბესო ბერულაშვილი, ბიძინა მახარაძე, ნინაკა გელაშვილი, მაყურებელი ასევე იხილავს გასული „იუმორინას“ აღმოჩენას, ლაშა გურგენიძეს, რომლის მიერ შესრულებული ზურა ყიფშიძისა და მიშა გომიაშვილის პაროდიები, ძალიან კარგად მიიღეს.

ყოველ წელს გვაქვს რუბრიკა „დებიუტანტი“, თუმცა წელს მის ფარგლებში არა ერთ, არამედ რამდენიმე გამომსვლელს წარვადგენთ, მათ შორის არის მომღერალი და მსახიობი, ანდრია გველესიანი, ასევე ალექსანდრე რაზმაძე, რომლის გამოსვლაც დასამახსოვრებელი და საინტერესო იქნება, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი „შერეკილი“, ცეკვის სტუდია „არტ-დანსი“ ლევან ახვლედიანის ხელმძღვანელობით და სხვანი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი „იუმორინა 2016“-ის შესახებ – თბილისს ანსამბლი „მხოლოდ შენ ერთს“ ესტუმრება. ისინი საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვლენ.

კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი მე გახლავართ, თავად პროექტის ხელმძღვანელი კი, რა თქმა უნდა, ჯემალ ბაღაშვილი.

„იუმორინა 2016“ ორ საათზე მეტხანს გაგრძელდება.