LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოირა“ „ოსკარის“ ხუთეულში ვერ მოხვდება“ – ლევან თუთბერიძის ფილმი კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს

Ardaidardo.Ge„ვნახე ლევან თუთბერიძის „მოირა“. მინდა, დაგამშვიდოთ, რომ წელს სმოკინგებსა და „ტუფლებზე“ ნერვიულობა არ მოგვიწევს“ – ასე შეაფასა კინოჟურნალისტმა ია ვეკუამ ლევან თუთბერიძის ახალი ფილმი, რომელიც, შეგახსენებთ, საქართველოს მხრიდან „ოსკარის“ პრეტენდენტია. მალე გაირკვევა, მოხვდება თუ არა საბოლოო ხუთეულში კიდევ ერთხელ ქართული ფილმი, როგორც „მანდარინები“ გასულ წელს. ია ვეკუას სტატუსის ქვეშ ასევე ამოვიკითხეთ კიდევ ერთი კინომცოდნის, დავით ბუხრიკიძის კომენტარიც ფილმთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მძიმე, დუნე, დუხჭირი… დეპრესიულ-სამამულო-მინორულ-სოციალური სურათი… ფოთი, თევზჭერა, კრიმინალური აჩრდილები, სავარძელს მიჯაჭვული მამა, საბერძნეთში, საშოვარზე გადახვეწილი დედა….ჰო, კიდევ მთავარ გმირს პაატა ინაური თამაშობს, რომელიც „კარქა“ ფაქტურულია და გვარიანად მელანქოლიური“.

 

ია ვეკუას დავუკავშირდით უფრო ვრცელი კომენტარისთვის.

ფილმი სიმბოლოებითაა გაძეძგილი, ბევრია და ადვილად შესამჩნევი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაძლევს მინიშნებას იმის შესახებ, როგორ განვითარდება ფილმი. რეალურად კი, კინო უნდა იყოს წინა პლანზე და მასში უნდა დაინახო სიმბოლოები და არა პირიქით.

ზოგადად, ძალიან მარტივი ფაბულა აქვს, ისეთი, როგორიც ბევრჯერ გვინახავს. არც ერთი პერსონაჟი არ ატარებს საიდუმლოს, არც ერთი მათგანი არ არის ამოსახსნელი.

გარდა ამისა, „მოირა“ წარმოუდგენლად დეპრესიული ფილმია, გასაგებია, რომ რეჟისორს სურს აჩვენოს ადამიანის უბედურება, მაგრამ მაყურებელი ცოდოა, რადგან ზედმეტად ითრგუნება. ყველა ამბავში არის ხოლმე რაღაც სინათლის ნაპერწკალი, რაც მაყურებელს აუცილებლად სჭირდება, „მოირას“ კი ეს არ აქვს. სიყვარულიც კი არ არის ნათელი, ვერ ხვდები, რატომ უყვართ გოგოსა და ბიჭს ერთმანეთი.

ფილმის ფინალიც ხელის გულზეა გადაშლილი, მე, მაგალითად, მას რამდენიმე წამით ადრე დავასრულებდი…

რაც შეეხება მსახიობებს?

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გიორგი ხურცილავამ, საუკეთესო იყო. მამის როლსაც მსახიობი ძალიან კარგად ასრულებს, სამწუხაროდ, არ ვიცი სახელი და გვარი. რაც შეეხება პაატა ინაურს, ლამაზი ბიჭია და კარგი ტანი აქვს, მაგრამ ყველგან ერთნაირია, სახე არ ეცვლება. „დარჩი ჩემთან“ რომ არის, ზაზა ურუშაძის, იქ მყავს ნანახი და ზუსტად იმავენაირად თამაშობს „მოირაშიც“.

ზოგადად, ფილმს აკლია მასშტაბი. ერთი ოჯახის მიღმა ვერ გავედი, საზოგადოება ვერ დავინახე, ძალიან ვიწროხაზოვანი იყო.

როგორც აღნიშნე, „ოსკარის“ ხუთეულში მოხვედრის შანსი „მოირას“ არ აქვს…

ვფიქრობ, ასეა. ამის „შიში“ ნამდვილად არ უნდა გვქონდეს (იღიმის). ეს ფილმი იმიტომ გავუშვით „ოსკარზე“, რომ მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი“ იყო მისი კონკურენტი, ცუდსა და უარესს შორის გააკეთეს არჩევანი და უარესი „პრეზიდენტი“ იყო სწორედ. „მოირას“ შემთხვევაში ვერაფერს ჩაეჭიდებიან, „მანდარინებში“ აფხაზეთის თემა იყო და ეს გახლდათ ხელმოსაჭიდი, „მოირა“ კი, მიმაჩნია, რომ „ოსკარის“ ხუთეულში ვერ მოხვდება…

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge