გადაცემას ”რადიო დუეტი” სოფო გელოვანი ესტუმრა.
– როგორ განწყობაზე ხარ?
– განწყობა ძალიან კარგი მაქვს, თუმცა, საახალწლო განწყობის აღსაქმელად რაღაც უფრო მეტია საჭირო. ვცდილობ, რომ საკუთარ თავს შევუქმნა სადღესასწაულო განწყობა… ეს სიმღერა დიდი ხანია დამუშავების პროცესშია, გაიწელა კლიპის გადაღებაც, ველოდებოდით ამინდებს. სიმღერა ეკუთვნის მარინა გოჩიტაშვილს. ზვიად ბოლქვაძე არის არანჟირების ავტორი. ლექსი არის გალაქტიონ ტაბიძის, ”მთვარის ნაამბობიდან” ორი კუპლეტია აღებული. ძალიან ფაქიზი თემაა, როდესაც მღერი სამშობლოზე, თუ აკეთებ, კარგი უნდა გააკეთო, თავს ვიკავებდი დიდ ხანს. დამიკავშირდა თავად კომპოზიტორი და როდესაც მითხრა, რომ პატრიოტული თემა იყო, შევშინდი. ძალიან ვენდობი ზვიად ბოლქვაძეს, გამოჩნდა გალაქტიონის ტექსტი და უფრო მეტად შევიგრძენი სიმღერა. რასაც ვმღერი, განვიცდი და ბოლოს იყო ის, რომ კლიპი უნდა გადაეღო ზაზა ორაშვილს. გადაღებისას მოვიარეთ საქართველო, ვნახე ჯუთა, ყაზბეგი, ბორჯომის ხეობა… ბევრი ვიწვალეთ. უღრმესი მადლობა ზაზა ორაშვილს, მან მთელი სული და გული ჩადო, მე ვფიქრობ, ეს არის ერთგვარად საქართველოს პრეზენტაცია. დადო ”ევროვიზიამ” საკუთარ საიტზე, რაც ძალიან გამიხარდა. მე განსაკუთრებით მომწონს კლიპი. სიმღერა ჩაიწერა ”არტ პალასში”.
– კიდევ ხომ არ გეგმავ რომელიმე კონკურსში მონაწილეობას?
– არა, ცოტათი დავიღალე კონკურსებით. ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას, რომელზეც ჯერ ვერ ვისაუბრებ.
– საახალწლოდ სად მღერი?
– გალა-კონცერტზე, დედაქალაქის მთავარ სცენაზე.
სოფო გელოვანი – საქართველო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოფო გელოვანი – საქართველო. HD ვიდეო
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
