საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი “თბილისი – 2015 თანამედროვე მუსიკის საღამოები” მიმდინარეობს. წლევანდელი ფესტივალი ფრანგი კომპოზიტორისა და დირიჟორის, პიერ ბულეზის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
როგორც კულტურის სამინისტროში განაცხადეს, ფესტივალის ფარგლებში, დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგება ქართველი კომპოზიტორის ზურაბ ნადარეიშვილის კამერული ოპერის მსოფლიო პრემიერა. ქართველი, ებრაელი და ფრანგი მუსიკოსები XX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის იგავს, “ჯარისკაცის ამბავს” შეასრულებენ.
ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. “თანამედროვე მუსიკის საღამოებში” მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ანსამბლები, როგორიცაა ფრაიბურგის ანსამბლი “Recherche”, პარიზის ანსამბლი “Court-Circuit”, ისრაელის ანსამბლები “Contenorary Music Players” და “Meitar”; კომპოზიტორები: იზაბელ მუნდრი (გერმანია), ფილიპ იურელი (საფრანგეთი), ჰანს ტუჩკუ (გერმანია), დან იუხასი (ისრაელი), საფრანგეთის უკვდავთა აკადემიის წევრი ფრანსუა-ბერნარ მაში (საფრანგეთი), ისრაელში მოღვაწე კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი; შემსრულებლები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, “თბილისი – თანამედროვე მუსიკის საღამოები” 2004 წლიდან იმართება.
